„თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი „ღირსების მარში“ დღეს არ გაიმართება – რა მოხდა რუსთაველის გამზირზე (ვიდეო)
„თბილისი პრაიდმა“ ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება, რომ დღეს „ღირსების მარში“ არ გაიმართება. ორგანიზატორთა თქმით, არ შეუძლიათ გამოვიდნენ „ხელისუფლების, საპატრიარქოსა და პრორუსული ძალების მიერ მხარდაჭერილი მოძალადეებით სავსე ქუჩაში“ და „რისკის ქვეშ“ დააყენონ „ადამიანების სიცოცხლე“:
„ქვეყნის ხელისუფლების დღევანდელმა მოქმედებებმა, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ დაგვანახა, რომ პოლიტიკურ ხელისუფლებას არ სურს აღასრულოს მისი პირდაპირი მოვალეობა… აღმასრულებელი ხელისუფლების უმოქმედობამ საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე რეალური საფრთხის წინაშე დააყენა… სიძულვილის უზარმაზარი ტალღა კი, რომელსაც ახლა ვუყურებთ, სწორედ ხელისუფლებისა და საპატრიაქროს მიერაა შთაგონებული და მხარდაჭერილი… ჩვენ არ შეგვიძლია გამოვიდეთ ხელისუფლების, საპატრიარქოსა და პრორუსული ძალების მიერ მხარდაჭერილი მოძალადეებით სავსე ქუჩაში და რისკის ქვეშ დავაყენოთ ადამიანების სიცოცხლე!“ – წერია „პრაიდის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსთაველის გამზირზე, აქციაზე დაპირისპირებისას საქართველოს პირველი არხის ოპერატორი ილია თვალიაშვილი დაშავდა. იგი ამჟამად კლინიკაში იმყოფება. ამასთან, დაზიანებულია მაუწყებლის კუთვნილი აპარატურა.
აქციაზე ასევე დაშავდნენ სხვა მედიასაშუალებების გადამღები ჯგუფები, რომლებიც დევნისა და შეურაცხყოფის ობიექტი გახდნენ. ისინი ადგილიდან საპატრულო პოლიციამ გაარიდა.
როგორც ილია თვალიაშვილი აცხადებს, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ჟურნალისტების მიმართ ძალიან აგრესიულად იყვნენ განწყობილნი და მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. მისი თქმით, მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის დროს ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა რუსთაველის გამზირი საპატრულო მანქანების დახმარებით დატოვეს, რადგან აქციის მონაწილეები მედიის წარმომადგენლებს ბოთლებსა და ჯოხებს ესროდნენ.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეთა თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, დაშავებულია 15 ჟურნალისტი, პოლიციას კი ამ დრომდე არავინ დაუკავებია.
ამ მოვლენებამდე გავრცელდა საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ მარშის გამართვა არ მიაჩნია მიზანშეწონილად.
საპატრიარქოს მიერ დაანონსებულ კონტრაქციას შეუერთდნენ „რიონის ხეობის მცველები“ და, მათ შორის, ვარლამ გოლეთიანი.
„რიონის ხეობის მცველების“ განცხადებით, თბილისში ჩამოვიდნენ პატრიარქის მოწოდებით, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი, და საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.
„ვუერთდებით საპატრიარქოს განცხადებას და გვინდა მშვიდობიანად დავაფიქსიროთ პოზიცია. აბსოლუტურად წინააღმდეგი ვართ ძალადობის“, – უთხრა მოძრაობის ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა რადიო თავისუფლებას რუსთაველის გამზირზე.
მეუფე იაკობი აცხადებს, რომ დაპირისპირებაზე და ძალადობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს.
„როდესაც ქართველებს ასე გამოიწვევენ ლგბტ პირები და მიდის მაგათი პროპაგანდა ტელევიზიებით, ხალხი სხვანაირად აღიქვამს. ჩვენგან გინახავთ ვინმეს გავსწორებოდეთ რამით? ძალიან მძიმე ფაქტზე მესაუბრებით, მაგრამ როდესაც ერს სულში აფურთხებ, საფრთხილოა ხოლმე, ყველანი ერთნაირები ხომ არ ვართ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
მისივე თქმით, არ შეიძლება ლგბტ მარში „ღირსების მარში“ იყოს.
„ეკლესია და ქრისტე არ არის მოძალადე. სამწუხაროა, რომ ხდება ეს მაგრამ ისეთი ვითარებაა, თქვენთან ერთად რომ მნახონ, შეიძლება, მეც მცემონ. იმიტომ გავდივარ და გამოვდივარ, რომ რაიმე დარღვევა არ მოხდეს, მაგრამ ყველგან ხომ ვერ ვიქნები“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები მოუწოდებენ შსს-ს, აღკვეთოს დანაშაულებრივი ქმედებები და ძალადობრივ ქმედებაში დამნაშავეები დააკავოს.
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მოუწოდებს შსს-ს დაუყოვნებლივ დაიწყოს ვიდეოკადრების გაშიფვრა.
პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტების წინაშე განაცხადა, რომ ძალადობრივ ქმედებებს, განმსაკუთრებით – ჟურნალისტების წინააღმდეგ არ აქვს არანაირი გამართლება და თითოეეული ასეთი ფაქტი მკაცრ სამართლებრივ რეაგირებას საჭიროებს.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ აფრთხილებდნენ „პრაიდის“ ორგანიზტორებს, თავი შეეკეავებინათ ამ მარშისგან, რათა არ გამოეწვიათ დაპირისპირება და ძალადობა, თუმცა, როგორც კობახიძე ამბობს, „პრაიდის“ მიზანი იყო „არა ვინმეს დაცვა“, არამედ „მის უკან დგას სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები“, პარტიები, რომლებსაც სურთ ქვეყანაში დესტაბილიზაცია და ეს დღეს კიდევ უფრო აშკარად გამოჩნდა.
ირაკლი კობახიძემ მოუწოდა მოქალაქეებს, არ მისცენ ასეთ ძალებს სიტუაციის მათი სცენარით განვითარების საშუალება.
ნუცა ყაველაშვილი
p. s. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგე ჯგუფების აგრესიული ქმედებების შედეგად დაშავებულია 30-მდე ჟურნალისტი – სხვადასხვა ტელევიზიისა თუ გამოცემის წარმომადგენლები, მათ გაუსწორდნენ ფიზიკურად და დაუზიანეს ტექნიკა.
მოგვიანებით ფეისბუქის საშუალებით მოქალაქეებს მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ:
„მეგობრებო, თანამოქალაქენო, მოგიწოდებთ ყველას სიმშვიდისკენ! დაუშვებელია ძალადობა! წარმოუდგენელი ფაქტები ფიქსირდება, თავდასხმები მოზარდებზე, ქალებზე, ტურისტებზეც კი.
ჩვენ გვიყურებს საქართველოს მტერიც და მოყვარეც. დაუშვებელია ასე სირბილი ქუჩებში, დაუშვებელია აგრესია. გაითვალისწინეთ ყველამ და გაუფრთხილდით ჟურნალისტებს.
მედია მსოფლიოს ცხელ წერტილებშიც კი ხელშეუხებელია. ჩვენი საზოგადოების სირცხვილია ჟურნალისტების მიმართ გამოხატული უმართავი აგრესია. მიეცით მათ მუშაობის საშუალება“.
კომენტარები