საქართველოს საპატრიარქო „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ჩატარდება თუ არა ე. წ. „ღირსების მარში“?
საქართველოს საპატრიარქო „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების მიერ 1-5 ივლისს დაგეგმილ აქტივობებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საპატრიარქო ევროპარლამენტის ლგბტქ+ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის 30 წევრ პარლამენტარს და საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოთა ხელმძღვანელებს მიმართავს, თავი შეიკავონ „თბილისი პრაიდის“ მხარდაჭერისა და წახალისებისგან, ხოლო ხელისუფლებას მოუწოდებს, ადეკვატურად შეაფასოს არსებული ვითარება და სახელმწიფოს სტაბილურობისა და სამოქალაქო მშვიდობის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედოს.
უცვლელად გთავაზობთ საპატრიარქოს განცხადებას:
„როგორც ფართო საზოგადოებისთვის არის ცნობილი, „თბილისი-პრაიდის“ ორგანიზატორები ა.წ. 1-5 ივლისს გეგმავენ აქტივობებს. ამასთან დაკავშირებით ვაცხადებთ:
დაგეგმილი „პრაიდის“ ორგანიზატორების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის საფარქვეშ ხდება არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა; იგი შეიცავს პროვოცირების ნიშნებს და კონფლიქტში შედის საზოგადოებაში აღიარებულ ზნეობრივ ნორმებთან და მიზნად ისახავს მძიმე ცოდვის ლეგალიზებას.
ჩვენ პატივს ვცემთ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას, რაც ბუნებრივია, გულისხმობს არჩევანის თავისუფლებას. აღნიშნული მცირე ჯგუფის მიერ საკუთარი არჩევანის სხვებზე თავსმოხვევა ძალადობაა და ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიური, თუ სხვა კუთვნილების მიუხედავად ლახავს სხვის – ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის – უფლებას, თავისუფლებასა და არჩევანს.
მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის ლმობიერია ცოდვილთა მიმართ, მაგრამ არა ცოდვისადმი, ამიტომაც ვინმეს მიმართ გამოვლენილი სიძულვილი და ძალადობა ყოვლად მიუღებელია, მაგრამ, ასევე, მიუღებელია ცოდვით თავმოწონება და სხვებზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა.
ლგბტქ+ „პრაიდის“ ორგანიზატორები აანონსებენ ე.წ. „ღირსების მარშს“, რომელსაც ღირსებასთან რეალურად კავშირი არ აქვს. ამით ხდება ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების აღრევა და შინაარსობრივი, მიზანმიმართული გამრუდება, რაც მკვეთრად ნეგატიურ გავლენას ახდენს არასრულწლოვანთა ფსიქიკაზე და ლახავს ბავშვთა საუკეთესო ინტერესებს..
აღვნიშნავთ, რომ მსგავსი აქტივობებით ლგბტქ+ ინტერესების დაცვა კი არ ხდება, არამედ ხელი ეწყობა მცირე ნაწილისთვის გარკვეული დივიდენდების მიღებას, ხალხში კი ამ ჯგუფისადმი აგრესიის ხელოვნურად გაჩენას.
ყოველივე ზემოთქმულის გაუთვალისწინებლობა და ობიექტური რეალობის უგულვებელყოფა იწვევს დასავლური ფასეულობების დისკრედიტაციას.
აუცილებელია, ჩვენმა საზოგადოებამ დაინახოს, რომ ევროპული დემოკრატია არ არის ხალხის უდიდესი უმრავლესობის აზროვნებისა და ცხოვრების წესის და მათი რელიგიური გრძნობების უარმყოფელი.
ამ და სხვა გარემოებებათა გამო, მივმართავთ ევროპარლამენტის ლგბტქ+ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის 30 წევრ პარლამენტარს და საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოთა ხელმძღვანელებს და ვთხოვთ, თავი შეიკავონ „თბილისი პრაიდის“ მხარდაჭერისა და მათი წახალისებისგან.
მივმართავთ ჩვენს ხელისუფლებას, ადეკვატურად შეაფასონ არსებული ვითარება, იმოქმედონ სახელმწიფო სტაბილურობის, სამოქალაქო მშვიდობის ინტერესებიდან გამომდინარე, აარიდონ ქვეყანას დესტაბილიზაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებას – გარდაუვალი შფოთი“, – ნათქვამია განცხადებაში.
დღეს „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ საქართველოში გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა, მისი თქმით, ლგბტქ ჯგუფის ორგანიზებული „პრაიდის კვირეული“ არ უნდა ჩატარდეს. „მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ამის გაკეთება იმიტომ, რომ არსებობენ კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული ჯგუფები, რომლებმაც შეიძლება ეს არასწორად გამოიყენონ როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან“, – თქვა კალაძემ.
საქართველოს პარლამენტის წევრმა ალეკო ელისაშვილმა კი ამავე საკითხთან დაკავშირებით დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ „თბილისი პრაიდს“ სიძულვილის, ზიზღის ტალღის აგორების და პრორუსული ძალების გამოცოცხლების მეტი არაფერი მოაქვს“. მან ორგანიზატორებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ღონისძიებების გამართვისგან.
„რატომ მართავენ ამ პრაიდს, რომელსაც სიძულვილის, ზიზღის ტალღის აგორების და პრორუსული ძალების გამოცოცხლების გარდა არაფერი შედეგი არ აქვს, ამას ვერ ვხვდები უბრალოდ… თავს თუ შეიკავებენ, იქნება ძალიან კარგი“, – თქვა ალეკო ელისაშვილმა.
მანამდე, 17 ივნისს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „TV პირველის“ ეთერში თბილისში დაგეგმილი „პრაიდ კვირეულის“ წინააღმდეგ ისაუბრა.
„მე მაქვს ჩემი პირადი დამოკიდებულება – მგონია, რომ სრული კონტექსტის გათვალისწინებით, ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ამ ღონისძიების ჩატარებაზე“, – თქვა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, მთელი კონტექსტის გათვალისწინებით, ეს იქნებოდა პასუხისმგებლობით განმსჭვალული გადაწყვეტილება: „ძალიან კომპლექსურია ეს კონტექსტი და ამ კონტექსტის გათვალისწინებით, პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებს, წესით, ეს არ უნდა დაეგეგმათ“.
„პრაიდ კვირეული“ თბილისში პირველ ივლისს გაიხსნება – მოეწყობა დოკუმენტური ფილმის ჩვენება და ქვიარ მუსიკალური ფესტივალი. კვირეული 5 ივლისს, ე. წ. „ღირსების მარშით“ დასრულდება – ლგბტქ აქტივისტები და მათი მხარდამჭერები თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან და მსვლელობას მოაწყობენ.
5 ივლისის „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგე საზოგადოებრივი ჯგუფების წევრები რუსთაველის გამზრის გაკონტროლებას აპირებენ. „ღირსების მარშის“ ჩასაშლელად მობილიზებას რამდენიმე ქართული ორგანიზაცია აცხადებს.
„ვაცხადებთ მობილიზებას, ყველა ჩვენგანი გაკეთებს ყველაფერს, რათა ადამიანების მაქსიმალური რაოდენობა მოვიდეს და მაგ ლოკაციიდან ვაპირებთ, რომ მთელი რუსთაველი ავიღოთ, გავაკონტროლოთ, არანაირი გარყვნილების პროპაგანდა არ ჩატარდება. ჩვენ ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს და ვუგზავნით ძალიან მკაფიო მესიჯს საქართველოს ხელისუფლებას“, – განაცხადა 24 ივნისს გამართულ ბრიფინგზე „ალტინფოს“ წარმომადგენელმა ზურა მახარაძემ.
თავის მხრივ, არც „თბილისი პრაიდი“ აპირებს გეგმების შეცვლას და ე. წ. „ღირსების მარშის“ გაუქმებას, მისი ორგანიზატორები ხელისუფლებას მოუწოდებენ, აღკვეთოს მუქარა, რომელიც ლგბტქ აქტივისტების შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვისკენ არის მიმართული.
მოამზადა ნინო ხოშტარიამ
კომენტარები