პაატა იმნაძე: საქართველოში ბრიტანულთან ერთად ინდური შტამიც იწყებს გავრცელებას
დღეისთვის ქვეყანაში ინდური შტამის 18 შემთხვევაა დადასტურებული
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, დღეისთვის საქართველოში ეგრეთ წოდებული ინდური შტამის 18 შემთხვევაა დადასტურებული.
მისი თქმით, ბრიტანულ შტამთან ერთად, საქართველოში ინდური შტამიც იწყებს გავრცელებას.
„სამწუხაროდ, ისევე როგორც მთელ ევროპაში, ძალიან იმატებს დელტა, ინდური შტამის ფუნქციონირება. მოგეხსენებათ, სამწუხაროდ, დელტა შტამი წამყვანი ხდება ძალიან ბევრ ქვეყანაში. ჩვენთანაც მატულობს ამ შტამის აღმოჩენის რაოდენობა. ეს უკავშირდება, ძირითადად, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ბრუნდებიან სხვადასხვა ქვეყნიდან. 18 შემთხვევაა დღეისთვის დადასტურებული, რაც ნიშნავს, რომ წამყვან შტამთან ერთად (ე. წ. ბრიტანული), უკვე გავრცელებას იწყებს ე. წ. ინდური შტამიც“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
როგორც ცნიბილია, კორონავირუსის დელტა (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული ახალი სახელით, იგივე ინდური) შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე მანამდე არსებული შტამები. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ამჟამად არსებული კოვიდპაციენტების 90% დელტა შტამითაა ინფიცირებული. სწორედ ინდური შტამის სწრაფი გავრცელება გახდა იმის მიზეზი, რომ ბრიტანეთის ხელისუფლებამ კოვიდშეზღუდვების 21 ივნისისთვის დაგეგმილი თითქმის მთლიანად მოხსნა ერთი თვით, 19 ივლისამდე გადასწია.
ბრიტანელი ექსპერტების განცხადებით, არსებული ვაქცინები დელტას წინააღმდეგაც ეფექტიანია და ვაქცინაცია მნიშვნელოვნად ამცირებს როგორც ინფიცირების, ისე კოვიდის მძიმე მიმდინარეობის ალბათობას იმ შემთვევაში, თუ აცრილი ადამიანი მაინც დაინფიცირდა.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები