რას არ გაიგებ/ფაქტები

12 სპილოს და 3 სპლიყვის უცნაური მოგზაურობა, რომელსაც მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს

ბოლო დროს მთელი ჩინური და მსოფლიო მედია ადევნებს თვალს სპილოების ჯოგის უჩვეულო მოგზაურობას.

15 გარეულმა სპილომ, რომელთა შორის სამი სპლიყვია, ჯერ კიდევ 15 თვის წინათ დატოვა მშობლიური ადგილები და უჩვეულო მოგზაურობა დაიწყო, რომლის დანიშნულების წერტილი გაურკვეველია. მათ უკვე დაფარეს 500 კილომეტრი და გზად არა მარტო პატარა სოფლებზე, დიდ ქალაქებზეც გაიარეს.

სამშაბათს ძლიერი წვიმა მოვიდა და სპილოებმა ცოტა „წაუძინეს“.

ჩინური ტელეარხის, CGTN-ის ცნობით, იუნანის პროვინციის ხელისუფლებამ, რომელზეც გადის სპილოების მგზაურობის მარშრუტი, საქმეში 14 დრონი და 500-მდე ადამიანი ჩართო. ისინი ცხოველებზე დაკვირვების გარდა გზებსაც კეტავდნენ, რათა როგორმე სპილოები უკან, სამხრეთ-დასავლეთისკენ, მათი საცხოვრებელი ადგილისკენ დაებრუნებინათ.

აქამდე ეს მცდელობა წარუმატებლად სრულდებოდა, ახლა კი სპილოებმა გეზი იცვალეს და თავიანთი ტრადიციული საცხოვრებელი ტერიტორიისკენ გაემართნენ, რომელიც მენიანძის ნაკრძალში, სიშუანბანნას რეგიონში მდებარეობს, ლაოსისა და მიანმის საზღვართან.

თავიანთი რეკორდული „ლაშქრობის“ განმავლობაში, სპილოებმა შთანთქეს და გათელეს მილიონობით იუანის ნათესები, დააზიანეს რამდენიმე ნაგებობა და შეაშინეს უამრავი ადგილობრივი მცხოვრები, რომელთა სახლების ფანჯრებში ხორთუმებს ჰყოფდნენ (სავარაუდოდ, საკვების მოსაძებნად).

გზად სპილოებმა 6-მილიონიან ქალაქ კუნმინშიც „შეიარეს“.

ზოგიერთი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ჯოგს გამოუცდელმა წინამძღოლმა  აუბნია გზა-კვალი, ზოგი ფიქრობს, რომ ისინი ახალი საცხოვრებელი ადგილის მოსაძებნად გაეშურნენ.

მეცნიერების თქმით, ასე შორს საკუთარი საცხოვრებელი ადგილიდან იუნანის სპილოები აქამდე არასდროს წასულან.

აზიური (ინდური) გარეული სპილო „წითელ წიგნშია“ შესული. ჩინეთში სამასამდე ასეთი სპილო  ბინადრობს.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close