ვარლამ გოლეთიანი: „ჩვენი პროტესტის დაფინანსების მთავარი წყარო ემიგრანტები და უბრალო მოქალაქეები არიან“
ჩვენ დავდებთ დაფინანსების წყაროს და შემდეგ ამ ნარატივის ავტორებმაც გაასაჯაროონ, საიდან ფინანსდებიან, – განაცხადა „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა.
მისი თქმით, რიონის ხეობის მცველების პროტესტის დაფინანსების მთავარი წყარო ემიგრანტები და უბრალო მოქალაქეები არიან.
„დაფინანსებასთან დაკავშირებით არსებობს ინტერესი. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით – ჩვენ დავდებთ ფინანსების წყაროს და ვამბობთ, რომ ეს არიან ემიგრანტები და თანამოქალაქეები. ეს დასაბუთდება და მოვუწოდებთ ამ ნარატივის ავტორებს, თავადაც გაასაჯაროონ, საიდან ფინანსდებიან ისინი. ჩვენ დავიწყებთ ამას და შემდეგ ყველა ორგანიზაციამ, მათ შორის, პოლიტიკურმა პარტიებმა, პერსონებმა, რომლებმაც დააყენეს ეს დღის წესრიგში, გაასაჯაროონ ეს ინფორმაცია. მაგალითად, ელისო კილაძე საუბრობდა იმაზე, თუ საიდან ვფინანსდებით. ჩვენც გვაინტერესებს, საიდან ფინანსდებიან ისინი. თუ დადებენ ცხრილს, მოხარული ვიქნებით.
იურიდიული პირები, როგორც წესი, ჩვენთან ფულს არ რიცხავენ. არ გვახსოვს ასეთი შემთხვევა. გავასაჯაროებთ ისე, რომ ადამიანის უფლებები არ დაირღვეს. როცა ათ და ხუთ ლარს რიცხავს კაცი, ნათელია, რომ არის უბრალო ადამიანი და არა – სოროსი“, – განაცხადა გოლეთიანმა.
კითხვაზე, რა თანხა დაიხარჯა თბილისში გამართულ აქციებზე, გოლეთიანმა უპასუხა: „თუ არ ვცდები, ყველაფრიანად დაჯდა 25 ათასი. კვებასა და ტრანსპორტში ჩვენ თანხა არ გადაგვიხდია“.
თბილისში რამდენიმედღიანი საპროტესტო აქციის შემდეგ „რიონის ხეობის მცველები“ გუშინ საღამოს სოფელ გუმათში დაბრუნდნენ, სადაც „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია გრძელდება. ამ ეტაპზე ადგილზე სიმშვიდეა, თუმცა „რიონის ხეობის მცველები“ კომპანია „ენკას“ თანამშრომლებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.
კომენტარები