fbpx
ტექნოლოგიებიხელოვნება

როგორ შეიქმნა 3D პრინტერით მიქელანჯელოს დავითის ორეული (ვიდეო)

იტალიაში მდებარე ფლორენციის უნივერსიტეტში მომუშავე სპეციალისტებმა სამგანზომილებიანი პრინტერით რენესანსის ეპოქის ხელოვანის, მიქელანჯელო ბუონაროტის მიერ შექმნილი დავითის ქანდაკების ორეული დაბეჭდეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მის ხილვას მსურველები არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაგეგმილ მსოფლიო ექსპოზიციაზე შეძლებენ.

მიქელანჯელოს დავითი მარმარილოში გამოკვეთილი 5,17 მეტრი სიგრძის ქანდაკებაა, რომელიც ამავე სახელის მქონე ბიბლიურ პერსონაჟს გამოსახავს. ცნობილი სკულპტორი მასზე სამი წლის განმავლობაში, 1501-იდან 1504 წლამდე მუშაობდა. ხელოვნების ნიმუში, რომლის სანახავადაც იტალიაში ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი ჩადის, ფლორენციის აკადემიის გალერეაშია გამოფენილი. ახლა კი, დავითის შექმნიდან 500-ზე მეტი წლის შემდეგ ინჟინრებმა მისი ორეულის დამზადება გადაწყვიტეს, რაშიც მათ შვედური ტექნოლოგიური კომპანია Hexagon-ი დაეხმარა.

სპეციალისტებმა  დავითის ზუსტი ასლის შექმნას მხოლოდ ოთხი თვე მოანდომეს. ამისთვის მათ მისი ციფრული სკანირება დასჭირდათ, თუმცა ქანდაკების დიდი ზომიდან გამომდინარე, მისი ერთბაშად დაბეჭდვა ვერ მოხერხდა. ინჟინრებმა ის 14 ნაწილად გაყვეს და სამგანზომილებიანი პრინტერის მეშვეობით, აკრილის ფისის გამოყენებით დამზადებული ფრაგმენტები ხელით ააწყვეს. მედიის ცნობით, დავითის ორეულის წონა ორიგინალი სკულპტურის წონის მეათედზე ნაკლებს შეადგენს, რაც სწორედ აღნიშნული მასალის სიმსუბუქითაა განპირობებული.

როგორც ცნობილია, ახალი სკულპტურა დუბაის მსოფლიო ექსპოზიციაზე იტალიურ პავილიონში განთავსდება და ცენტრალურ ადგილს დაიკავებს. Expo 2020, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო, ოქტომბერში გაიხსნება და დამთვალიერებლებს ექვსი თვის განმავლობაში უმასპინძლებს. იმედოვნებენ, რომ იქ წარმოდგენილი ქანდაკება მრავალ ვიზიტორს უბიძგებს, ფლორენციაში გაემგზავრონ და მიქელანჯელოს დავითი მოინახულონ, რაც იტალიაში ტურისტული სექტორის გამოღვიძებას შეუწყობს ხელს.

popx.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close