ისტორიასაზოგადოება

ნაკლებად ცნობილი ისტორია: გენერალი მაზნიაშვილი, შვედი გოგონა სოფია და… ანუკი არეშიძე

XX საუკუნის დასაწყისში საქართველო დიდი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. პირველ მსოფლიო ომში დამარცხებულ რუსეთის იმპერიას პერიფერიებისთვის „არ სცხელოდა“. ამით ისარგებლეს ქართველმა მენშევიკებმა და დამოუკიდებელი საქართველოს დროშა ააფრიალეს.

მაგრამ ახალშექმნილ დამოუკიდებელ ქვეყანას ყველა მხრიდან მტერი მოაწყდა: აღმოსავლეთიდან მუსავატები გააქტიურდნენ, სამხრეთიდან – დაშნაკები, დასავლეთიდან კი დრო იხელთეს ოსმალებმა და სასწრაფოდ დაიკავეს აჭარა.

ამ ვითარებაში ქვეყანას მხსნელებად მოევლინენ პირველ მსოფლიო ომში გამობრძმედილი ქართველი გენერლები: კვინიტაძე, ანდრონიკაშვილი, წულუკიძე, მაზნიაშვილი და სხვები. სწორედ მათი დიდი დამსახურებაა, რომ ქართულმა შენაერთებმა არა მხოლოდ შეაკავეს მტერი, არამედ უკან დაიბრუნეს აჭარა, ხოლო ჩრდილოეთით ტუაფსემდე გააფართოეს ქვეყნის საზღვრები.

გმირთა ამ პლეადის შესახებ ბევრი დაიწერა, ისტორიამ და ხალხმა მათი დიდი ამაგიც დააფასა… თუმცა მხოლოდ ხალხმა, ქართველმა ერმა. ბოლშევიკურმა ქართულმა სახელმწიფომ ჯერ თავის სასარგებლოდ გამოიყენა ისინი, შემდეგ მისთვის ჩვეული ულმობლობით დახვრიტა – ნაწილი 1923 წლის „წითელი ტერორის“ დროს, ხოლო დანარჩენები 1937 წლის „ტროიკას“ ემსხვერპლნენ.

დღეს მინდა მოგითხროთ ლეგენდარულ გენერალ გიორგი მაზნიაშვილზე, უფრო სწორად, გავიხსენო ზოგი ისეთი ფაქტი, რომელთა შესახებაც შესაძლოა ბევრმა არ იცოდეს.

სამი სახელმწიფოს მსახურ დაუმარცხებელ გენერალს, ჯერ იყო და – რუსეთ-იაპონიის ომში გამოჩენილი სიმამაცისთვის ოქროს ხმალი და წმინდა გიორგის ორდენი უბოძეს, შემდეგ პოლონეთის ფრონტზე იბრძოდა, სადაც მძიმედ დაიჭრა, ხოლო რევოლუციის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებულმა და ახლად შექმნილი დამოუკიდებელი ქვეყნის სამსახურში ჩამდგარმა, გაიმარჯვა ყველა ბრძოლაში, რომელშიც კი მიიღო მონაწილეობა.

საქართველოში ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ სერგო ორჯონიკიძეს დაუბარებია გიორგი მაზნიაშვილი და უთქვამს, მართალია, მენშევიკების გენერალი იყავი, მაგრამ ახლა ქვეყანას სჭირდები და ბოლშევიკების გენერალი უნდა გახდეო. ამაზე მაზნიაშვილს უპასუხია:

„მე არც მენშევიკების გენერალი ვარ და არც ბოლშევიკებისა. მე ქართველი გენერალი ვარ!“

მაინც ემსახურა საქართველოს, რაც ბოლშევიკებმა იმით „დაუფასეს“, რომ ჯერ გადაასახლეს, ბოლოს კი, 1937 წელს დახვრიტეს.

თავი დავანებოთ გენერალ მაზნიაშვილის ტრაგიკულ ისტორიას და მისი ცხოვრების ბევრისთვის უცნობ დეტალებზე ვისაუბროთ.

მაზნიაშვილის წარმომავლობის შესახებ ასეთ ისტორიას ჰყვებიან:

ვინმე აზნაურ დავით გლურჯიძეს ერთადერთი ვაჟი ჰყოლია – ფრიდონი, რომელიც სამხედრო საქმის შესასწავლად გაუგზავნია პეტერბურგს. ერთ დღესაც ოფიცერ ფრიდონ გლურჯიძეს სოფელში სტუმრად მეგობარი ივან მაზნევი ჩაუყვანია. მაზნევს დანახვისთანავე თავდავიწყებით შეჰყვარებია ფრიდონის და ქრისტინე და მეგობარს შევედრებია, თუ შენს დას მომათხოვებ, მზად ვარ, ყველაფერი მივატოვო და შენს სოფელში დავსახლდეო.

მოკლედ, ქრისტინემ მაზნევს მოსკოვთან ახლოს მდებარე მაზნევოს მამულიც დაავიწყა, გააქართველა კიდეც და შვილებიც მაზნიაშვილებად დაწერეს. სწორედ ამ გლურჯიძეების სიძის შვილი გახლდათ გენერალი გიორგი მაზნიაშვილი, რომელიც დეიდებს გაუზრდიათ და „ვეფხისტყაოსანი“ და ბიბლია სამაგიდო წიგნებად უქცევიათ…

გენერალს ოთხი შვილი ჰყავდა, რომელთაგან მხოლოდ ქალიშვილის – ანეტას შთამომავლები დარჩნენ, თუმცა იყო კიდევ ერთი შვედი ობოლი გოგონა სოფია, რომელიც მაზნიაშვილმა პეტერბურგში ყოფნისას იშვილა და საქართველოში ჩამოიყვანა. სულიც არ ენანებოდა თურმე მისთვის და როცა 13 წლის სოფია მაზნიაშვილის ადიუტანტთან ერთად გაიპარა, გული ეტკინა გენერალს, გაებუტა კიდეც შვილობილს, თუმცა გული მალევე მოუბრუნებია და მზითევიც მიუტანია მისთვის.

ეს ადიუტანტი, გვარად ბაინდურაშვილი, დედისერთა ყოფილა. მაზნიაშვილს შესცოდებია, წინა ხაზზე არ გაუგზავნია და თავის გარემოცვაში დაუტოვებია. ამ ისტორიაში ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ, როგორც ამბობენ, ამ შვედი გოგონა სოფიასა და ადიუტანტ ბაინდურაშვილის შთამომავალი გახლავთ თბილისის ახლანდელი მერის კახი კალაძის მეუღლე ანუკი არეშიძე.

ავტორი – თამაზ ჩიქვანაია

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close