მიგრანტების საყურადღებოდ: რუსეთში განსაკუთრებული რეჟიმი ამოქმედდება
ახალი რეჟიმი შეეხება იმ პირებს, რომლებსაც რუსეთში ცხოვრების უფლება არ აქვთ, მაგრამ იძულებულნი არიან, მის ტერიტორიაზე დარჩნენ
რუსეთში მყოფი მიგრანტებისთვის ამოქმედდება სპეციალური სამართლებრივი რეჟიმი – „ცხოვრება კონტროლქვეშ“ (Контролируемое пребывание), – ამის შესახებ ТАСС-ი იუწყება ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
როგორც შსს-ში განაცხადეს, ეს რეჟიმი დაწესდება იმ მიგრანტების მიმართ, რომელთაც რუსეთში ყოფნის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნიათ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო იძულებულნი არიან ქვეყანაში დარჩნენ. მაგალითად, სასამართლო პროცესის ან თვითიზოლაციის გამო.
„პროფილაქტიკური ხასიათის ერთ-ერთი ღონისძიება, რომელიც მიგრაციულ სფეროში უსაფრთხოების და მართლწესრიგის უზრუნველყოფის მექანიზმის ეფექტიანობის გაზრდას ემსახურება, წარმოადგენს კანონმდებლობაში სპეციალური სამართალდაცვითი რეჟიმის – „ცხოვრება კონტროლქვეშ“ შემოღებას“, – განაცხადეს რუსეთის შსს-ში.
სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან – გასული წლის მარტიდან – რუსეთის დატოვება ვერ შეძლო დაახლოებით 1,6 მილიონმა მიგრანტმა, რომელთაც ქვეყანაში ყოფნის ვადა ამოეწურათ. ვიზების მოქმედების ვადის გახანგძლივების მოთხოვნით განაცხადი შეიტანა 134 ათასზე მეტმა ადამიანმა, ოთხი ათასმა ადამიანმა – დროებითი თავშესაფრის მინიჭების თხოვნით. კიდევ 65 ათასს მუშაობის ნებართვის მიღება სურდა.
შედეგად, 20 მაისს უწყებაში განაცხადეს, რომ იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებთანაც კორონავირუსის პანდემიის გამო სატრანსპორტო მიმოსვლა არ გახსნილა, ქვეყანაში ყოფნის ვადა შესაძლოა 90 დღით გაუხანგრძლივდეთ. ამისათვის მათ შსს-ს ტერიტორიული ორგანოს მიგრაციის საკითხების განყოფილებას უნდა მიმართონ.
კომენტარები