საზოგადოებასაქართველო

მყინვარწვერი ანტისანიტარიის გამო ევროპის ზოგმა ტურისტულმა კომპანიამ ტურებიდან ამოიღო

„მყინვარწვერზე დანაგვიანების პრობლემის მთავარი მიზეზი ტურისტები არიან ანუ, ძირითადად, ჩრდილოელი მეზობლები, ნაკლებგადამხდელუნარიანები, რომლებიც ღამეს ათევენ კარავში და არ ზრუნავენ გარემოზე“, – ამის შესახებ გადაცემა „საქმიან დილაში“ სამთო გამყოლთა ასოციაციის დირექტორმა ნიკა ერქომაიშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ სტუმრები, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან მყინვარწვერის დალაშქვრის მიზნით, ხელმეორედ ჩამოსვლაზე უარს ამბობენ სწორედ ნარჩენების გამო, რომლებიც ადგილზე ხვდებათ.

„მდგომარეობა მართლა სავალალოა, აქ ტურისტებთან ერთად პრობლემაა ადგილობრივების თვითშეგნებაც და პარალელურად არც სახელმწიფო ერევა ნარჩენების მართვის პროცესში, ამიტომაც კონტროლის მექანიზმი არ არსებობს. ცხადია ტურისტებში არ ვგულისხმობ შეგნებულ სტუმრებს ევროპიდან, ამერიკიდან, რომლებიც, პირიქით, ზრუნავენ და გვეხმარებიან დასუფთავებაში, აქ იგულისხმება ჩრდილოელი მეზობლები, რომლებიც გარდა იმისა, რომ ნაგავს ყრიან, ბიზნესს აწარმოებენ მყივნარწვერზე და დაყავთ კლიენტები ტურზე, ისე რომ გიდობის გამოცდილებაც არ აქვთ“, – აღნიშნა ერქომაიშვილმა.

მისი თქმით, სწორედ ამ ნარჩენებისა და ანტისანიტარიის გამო ზოგიერთმა ტურისტულმა კომპანიამ ევროპაში მყინვარწვერი ტურებიდან და პროგრამიდან საერთოდ ამოიღო.

„პრობლემის გადასაჭრელად არ გვჭირდება ველოსიპედის გამოგონება, ბევრი საერთაშორისო პრაქტიკა არსებობს, იგივე ალპებში, ასევე, ევერესტზე, სადაც ექსპედიციაზე მიმავალი გუნდი მთაზე ასვლამდე ტოვებს დაახლოებით 4 ათასი დოლარის დეპოზიტს. მას ნარჩენების დეპოზიტი ჰქვია და ყველა ადამიანს ევალება უკანა გზაზე 8-იდან 10 კილომდე ნაგვის ჩამოტანა, წინააღმდეგ შემთხვევაში თანხა უკან არ უბრუნდებათ და ხმარდება ადგილის დასუფთავებას, იგივე მექანიზმი შეგვიძლია შევიმუშაოთ და გარკვეული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დავიწყოთ ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და ნახვად ტურისტულ მიმართულებაზე“, – განაცხადა ნიკო ერქომაიშვილმა.

ინფორმაციისთვის: პანდემიამდე ყოველწლიურად მყინვარწვერზე არსებულ ერთადერთ დასარჩენ ადგილს, „ბეთლემის ქოხს“ ათასობით ვიზიტორისგან საკმაოდ დიდი შემოსავალი ჰქონდა. ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით თავშესაფრის 80 ადგილი მუდმივად დაკავებულია. ამას ემატება საკემპინგეც.

იყო დასუფთავების შემთხვევებიც, პირველად 2004 წელს გერმანელ და შვეიცარიელ მთამსვლელებთან ერთად მოხევეებმა 2 ტონა ნაგავი გადაზიდეს. მეორედ, 2014 წელს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხარჯით, ტერიტორია 9 ტონა ნაგვისგან გაასუფთავეს. მესამედ, გასული წლის ოქტომბერში, დაცული ტერიტორიების სააგენტომ 20 ტონა ნარჩენი ვერტმფრენებით გაიტანა.

„ბეთლემის ქოხის“ ადმინისტრაციაში ნაგვის სისტემატურად გატანას შეუძლებლად მიიჩნევენ. მიზეზად ვერტმფრენის ქირის დიდ თანხას ასახელებენ – წუთი 45 ევრო ღირს, ამიტომ ნარჩენების მართვის საქმეში ადმინისტრაცია სახელმწიფოსგან ითხოვს დახმარებას.

bm.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close