ქართული „ვოისის“ გამარჯვებული მაგდა ივანიშვილი გახდა (ვიდეო)
ყველაზე გრანდიოზული მუსიკალური შოუს, „ვოისის“ გამარჯვებული სტეფანეს გუნდის წარმომადგენელი მაგდა ივანიშვილი გახდა.
გამარჯვებული საქართველოს პირველი არხის მაყურებელმა გამოავლინა. სულ ხმა მისცა 1 039 760-მა მაყურებელმა, საიდანაც მაგდა ივანიშვილის მხარდამჭერი იყო 25,39 პროცენტი. გამარჯვებულს შოუ „ვოისის“ ჯილდო და 20 ათასი ლარი ერგო.
ფინალში მაგდამ ბრიტანული ლეგენდარული როკ-ჯგუფის, Queen-ის სიმღერა „ბოჰემური რაფსოდია“ შეასრულა. სიმღერა უნიკალურია თავის უჩვეულო მუსიკალური ფორმით: მას არ აქვს რეფრენი და სამ მიმდინარეობას – ბალადას, როკსა და ოპერას ეკუთვის აერთიანებს.
ეს ურთულესი სიმღერა მომღერალმა ბრწყინვალედ შეასრულა.
საქართველოს პირველი არხის შოუ „ვოისის“ მწვრთნელები არიან: ქართული ფოლკ-როკის ლეგენდა – ნიაზ დიასამიძე; ახალგაზრდა, ნიჭიერი მუსიკოსი – სალიო; სტეფანე – პოპ სენსაცია, რომელიც საქართველოს საზღვრებს გასცდა; ვირტუოზი მუსიკოსი, კომპოზიტორი, პიანისტი და დირიჟორი – ნიკოლოზ რაჭველი.
კომენტარები