ხვალ საბერძნეთის მოქალაქეობის კანდიდატთა პირველი ეროვნული გამოცდა გაიმართება
16 მაისს ჩატარდება პირველი ეროვნული გამოცდები ნატურალიზაციის გზით საბერძნეთის მოქალაქეობის მოპოვების მსურველთათვის. აღნიშნული გამოცდის წარმატებით ჩაბარება აუცილებელი პირობაა ნატურალიზაციის გზით საბერძნეთის მოქალაქეობაზე განაცხადის შესატანად. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში კანდიდატები მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატს (Πιστοποιητικό Επάρκειας Γνώσεων Πολιτογράφησης).
ამჯერად გამოცდისთვის ქვეყნის მასშტაბით 2450 კანდიდატი დარეგისტრირდა. მათ მოუწევთ დაამტკიცონ, რომ სათანადოდ ფლობენ ბერძნულ ენას (Β1 დონეზე) და კარგად იცნობენ ქვეყანას, რომლის მოქალაქეობის მოპოვებაც სურთ.
გამოცდები შვიდ ქალაქში, 19 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება. ათენში 19 საგამოცდო ცენტრი 1521 კანდიდატს მიიღებს, ხოლო თესალონიკის სამი ცენტრი 295 გამოსაცდელს ელოდება. საგამოცდო ცენტრები იმუშავებს ასევე ლარისაში, ჰერაკლიონში, პატრაში, იოანინასა და ტრიპოლიში. აუდიტორიებში კანდიდატები დილის 7 საათიდან 8 საათამდე შევლენ და თითოეული მათგანი მისთვის წინასწარ განსაზღვრულ ადგილზე დაჯდება.
თავდაპირველად ჩატარდება წერითი გამოცდა ბერძნულ ენაში, რომლის ხანგრძლივობა 90 წუთი იქნება. შემდეგი 90 წუთის განმავლობაში კანდიდატებს მოუწევთ, წერილობით უპასუხონ კითხვებს გეოგრაფიაში, კულტურის თემებზე, ისტორიასა და პოლიტიკურ ინსტიტუციებში. ბოლოს კანდიდატები მორიგეობით, წყვილებად წარდგებიან კომისიის წინაშე ბერძნული ენის ზეპირი გამოცდის ჩასაბარებლად. აღნიშნული სახის გამოცდის ხანგრძლივობა 15 წუთს შეადგენს. აბიტურიენტთა წერით ნაშრომებს ორი პედაგოგი შეაფასებს. მათ მიერ დაწერილი ნიშნების საშუალო მაჩვენებელი საბოლოო ნიშანი იქნება. თუკი ორი გამსწორებლის ნიშნებს შორის სხვაობა 10 პროცენტს აღემატება, მაშინ ნაშრომს მესამე სპეციალისტი შეაფასებს და მისი ნიშანი იქნება საბოლოო.
სამწუხაროდ, კანდიდატებს უფლება არ აქვთ, გამოცდის შედეგი გააპროტესტონ, თუმცა შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ შემდგომ საგამოცდო სესიაში, რომელიც მიმდინარე წლის 7 ნოემბერს გაიმართება.
გიორგი ჯანელიძე
კომენტარები