საქართველოში კიდევ ნახევარი მილიონი დოზა „სინოფარმი“ შემოვა
ივნისში საქართველოში 500 ათასი დოზა „სინოფარმი“ შემოვა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.
„სინოფარმის მარაგი ამჟამად არის დაახლოებით 100 000 დოზა და უფრო და უფრო მეტი, თუ არ ვცდები, 25 ათასზე მეტი ადამიანია ჩაწერილი და დაჯავშნილი აქვს ადგილები მაისის ბოლომდე. ეს 100 000 არის 50 000 ადამიანისთვის, ორჯერადი აცრისთვის. ასევე, უკვე დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ ჩინურ მხარესთან საქართველოს აქვს მოლაპარაკება და 500 000 დამატებითი დოზა ივნისში ორჯერადად შემოვა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი 4 მაისს თავადაც „სინოფარმით“ აიცრა. ჩინური წარმოების ამ პრეპარატით ვაქცინაცია საქართველოში 4 მაისს დაიწყო.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „სინოფარმს ავტორიზაცია 7 მაისს მიანიჭა.
ჯანმოს მიერ ავტორიზაციის მინიჭების შემდეგ ჩინური ვაქცინა „კოვაქსის“ პროგრამაში ჩაერთვება, რომელიც დაბალშემოსავლიანი ქვეყნების ვაქცინებით მომარაგებას უზრუნველყოფს.
კომენტარები