28 წლის ექთანი მეგი ბაქრაძე, რომლის მდგომარეობაც გუშინ აცრის შემდეგ დამძიმდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს დილით გარდაიცვალა.
საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ 12:00 საათზე დადასტურდა ბიოლოგიური სიკვდილი.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ახალციხის კლინიკა „იმედში“ ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.
მომხდარს რეგულირების სააგენტო სწავლობს. მათი წარმომადგენლები ახალციხის კლინიკა „იმედში“ გუშინვე ჩავიდნენ. შემთხვევას შსს-ც იკვლევს. სამართალდამცველებმა ექიმები უკვე გამოკითხეს.
კლინიკის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი ბარძიმაძის განცხადებით, ექთანს დაყოვნების ოთახშივე განუვითარდა გვერდითი მოვლენა, ამავე ოთახში იმყოფებოდნენ ექთანი, რეანიმატოლოგი და ქირურგი, რომლებიც მაშინვე ჩაერთვნენ დახმარების პროცესში და კოლეგა რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.
შოკურ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა ქალი გუშინვე კატასტროფის ჯგუფმა თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა. ექიმები აცხადებდნენ, რომ მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო. სამწუხაროდ, მეგი ბაქრაძის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
კომენტარები