newsეკონომიკაიტალია

იტალია ზაფხულის დროზე გადადის

შაბათიდან კვირა ღამეს, 28 მარტს იტალია ზაფხულის დროზე გადავა, რაც ნიშნავს, რომ საათის ისრები ღამის ორ საათზე ერთი საათით წინ, 3 საათამდე გადაიწევა (როგორც ფოტოზეა ნაჩვენები). 

პირველად ზაფხულის დრო იტალიაში 1966 წელს შემოიღეს, მაშინ ის 4 თვეს გრძელდებოდა: მაისის ბოლო კვირა დღიდან – ოქტომბრის ბოლო კვირა დღემდე. 6 თვემდე ზაფხულის დრო 1981 წლიდან გაიზარდა (მარტიდან სექტემბრამდე), კიდევ ერთი თვე მას 1996 წელს დაუმატეს ევროპის სხვა ქვეყნების თანადროულად.

როგორც ცნობილია, ევროპარლამენტმა გასულ წელს მიღებული რეზოლუციით მხარი დაუჭირა ზამთრის დროდან ზაფხულის დროზე გადასვლის შეწყვეტას და წევრ ქვეყნებს შესთავაზა, 2021 წელს მიიღონ გადაწყვეტილება – რომელ დროს აირჩევენ: ზამთრის თუ ზაფხულის, თუმცა იტალიას სურს, არსებული სიტუაცია არ შეცვალოს და გააგრძელოს საათის ისრების გადაწევა მარტსა და ოქტომბერში. ამის თაობაზე ქვეყანამ ოფიციალური მოთხოვნა უკვე შეიტანა ევროკავშირში.

იტალიისგან განსხვავებით, საფრანგეთმა, გერმანიამ, ფინეთმა, ლიეტუვამ, შვედეთმა და ესტონეთმა გადაწყვიტეს, უარი თქვან დროის ცვალებადობის სისტემაზე.

იტალიაში მიაჩნიათ, რომ ჩრდილოეთის ქვეყნებს არ სჭირდებათ ზაფხულის დროზე გადასვლა, რადგან რაც უფრო ახლოსაა ჩრდილოეთ პოლუსთან ქვეყანა, მით დიდია დღის ხანგრძლივობა, შესაბამისად, მათთვის ზაფხულის დროის ეკონომიკური სარგებელი მინიმალურია.

როგორც ცნობილია, ევროკომისიამ ევროპარლამენტს დროის ცვლილების სისტემის გაუქმება შესთავაზა არაერთ კვლევაზე დაყრდნობით, რომელთა შედეგადაც მტკიცდება, რომ მზის დროდან (ზამთრის დრო) ზაფხულის დროზე გადასვლა და პირიქით ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს.

ასეა თუ ისე, იტალია 28 მარტს, ღამის 2 საათზე საათის ისრების ერთი საათით წინ გადაწევით ზაფხულის დროზე გადავა, რომელიც 7 თვეს, 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება და 543,8 მლნ კვტ/სთ-ის დაზოგვის საშუალებას მისცემს ქვეყანას, რაც 180 ათასი ოჯახის საშუალო წლიური მოხმარების ტოლფასია. ფულადი გამოხატულებით ეკონომია 90 მლნ ევროს გადააჭარბებს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close