ვატიკანში მომუშავე ადამიანი, რომელიც ვაქცინაციაზე უარს იტყვის, სამსახურიდან გათავისუფლდება
ვატიკანმა გამოსცა განჩინება, რომლის თანახმადაც, წმინდა საყდარში მომუშავე პირი, რომელიც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრაზე უარს იტყვის, სამსახურიდან გათავისუფლდება.
ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოს გუბერნატორატის თავმჯდომარის, კარდინალ ჯუზეპე ბერტელოს განჩინებაში ნათქვამია, რომ ვატიკანში დასაქმებულმა პირმა დოკუმენტურად უნდა დაასაბუთოს, რატომ არ გაიკეთა ვაქცინა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას სხვადასხვა სახის სანქცია დაეკისრება, უკიდურეს სასჯელად კი სამსახურიდან გათავისუფლება სახელდება.
განჩინება ეფუძნება ვატიკანის 2011 წლის კანონს, რომელშიც წერია, რომ თანამშრომელი, რომელიც სამედიცინო-პროფილაქტიკურ გამოკვლევებზე უარს ამბობს, ისჯება სხვადასხვა სახის სანქციით, მათ შორის, შუწყდება სამუშაო კონტრაქტი.
განჩინებაში აღნიშნულია, რომ კორონავირუსის ვაქცინაცია „ეთიკური ვალდებულებაა“, რადგან „ვაქცინაზე უარის თქმა რისკის შემცველია და სხვების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის“.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ პირბადის ტარების წესის დამრღვევი პირები დაისჯებიან 25-იდან 50 ევრომდე ჯარიმით, ხოლო კარანტინის დამრღვევებს 1500 ევროს გადახდა მოუწევთ.
პონტიფიკოსმა ფრანცისკემ, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით უკვე აიცრა, სატელევიზიო ინტერვიუ მისცა იტალიურ Canale 5-ს და საყოველთაო ვაქცინაციას საჯაროდ დაუჭირა მხარი.
„მიმაჩნია, რომ ეთიკური მოსაზრებიდან გამომდინარე ყველა ადამიანი უნდა აიცრას. ეს ეთიკური არჩევანი უნდა გახდეს, რადგან არა მარტო თქვენს ჯანმრთელობას, სიცოცხლეს აყენებთ რისკის ქვეშ, არამედ სხვათა სიცოცხლესაც საფრთხეს უქმნით“, – განაცხადა პონტიფიკოსმა.
ვატიკანის შენიშვნაში ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტებულია, რომ ეს უნდა განვიხილოთ, როგორც „ინსტუმენტი, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ აქვს სანქციის ან რეპრესიული ხასიათი, არამედ არის საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვასა და ინდივიდუალური არჩევანს შორის ბალანსის მოქნილი და თანაზომადი პასუხი, თანამშრომელთა მიმართ რაიმე სახის რეპრესიების განხორციელების გარეშე“.
ვატიკანმა თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების ვაქცინაცია 13 იანვარს დაიწყო. ამჟამად ვატიკანში ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები