არტისტი

„ლაპარაკის ძალა არ მაქვს. ვტირი…“ – ანდრეი მიაგკოვი გარდაიცვალა

თეატრის და კინოს ცნობილი რუსი მსახიობი ანდრეი მიაგკოვი გარდაიცვალა. 

მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მოსკოვის ჩეხოვის სახელობის მხატვრული თეატრის პრესსამსახურმა დაადასტურა, სადაც ანდრეი მიაგკოვი 1987 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა. მსახიობი 18 თებერვალს გარდაიცვალა, 82 წლის ასაკში, მიზეზი ჯერჯერობით არ სახელდება.

ანდრეი მიაგკოვს საყოველთაო აღიარება და სიყვარული მოუტანა კინოში შესრულებულმა როლებმა, მათ შორის, ელდარ რიაზანოვის ფილმებში: „ბედის ირონია ანუ გაამოთ!“, „სამსახურებრივი რომანი“, „გარაჟი“, „სასტიკი რომანსი“.

ქართველი მაყურებლისთვის განსაკუთრებით საყვარელი და ახლობელია მის მიერ შესრულებული ჟენია ლუკაშინის როლი ელდარ რიაზანოვის მელოდრამატულ ტრაგიკომედიაში „ბედის ირონია ანუ გაამოთ“, რომელიც ნამდვილი საკულტო ფილმი გახდა.

„რია ნოვოსტი“ ბარბარა ბრილსკას კომენტარს ავრცელებს: „ლაპარაკის ძალა არ მაქვს, ვტირი. ის შესანიშნავი მსახიობი იყო, შესანიშნავი ადამიანი. მე იგი ძალიან მიყვარდა“, – ამბობს დამწუხრებული „ნადია“.

ანდრეი მიაგკოვთან გამომშვიდობების ცერემონია 20 თებერვალს ჩეხოვის თეატრში გაიმართება. ლენინგრადში დაბადებულ (1938 წ. 8 ივლისი) მსახიობს მოსკოვის ტროეკუროვის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ნინო ლურსმანაშვილი

ელდარ რიაზანოვი, ბარბარა ბრილსკა და ანდრეი მიაგკოვი სახელმწიფო პრემიის გადაცემისას ფილმისთვის  „ბედის ირონია“; 1978 წ. ფოტო: TASS

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close