„ფორმულა“: ივანიშვილი კვლავ „მიდის“ პოლიტიკიდან, პარტიის თავმჯდომარე კობახიძე ხდება
„ფორმულა“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ „ქართული ოცნების“ ყრილობაზე, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება, პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძეს აირჩევენ, ბიძინა ივანიშვილი კი უკვე მეორედ წავა ფორმალურად პოლიტიკიდან.
ეს ინფორმაცია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში უარყო. მისი თქმით, პარტიის ყრილობა დაგეგმილი არ არის.
„არავითარი ყრილობა არ არის დაგეგმილი“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ ივანიშვილის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაციაც სიმართლეს არ შეესაბამება, – „ესეც იგივეა, ერთიანად შეგვიძლია ეს ინფორმაცია განვიხილოთ“.
პირველად ივანიშვილი პოლიტიკიდან 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ წავიდა. არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვა. მაშინ ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა. პოსტის დატოვების შემდეგ მან განაცხადა, რომ პოლიტიკიდან სამოქალაქო საზოგადოებაში გადაინაცვლებდა და მის გაძლიერებაზე იზრუნებდა.
პოლიტიკიდან ივანიშვილის წასვლის შემდეგ პოლიტიკური ოპონენტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, აგრეთვე, საერთაშორისო ორგანიზაციების ნაწილი არაფორმალური მმართველობის პრობლემაზე ალაპარაკდნენ. მათი შეფასებით, ივანიშვილმა საჯარო თანამდებობები იმიტომ დატოვა, რომ პასუხისმგებლობა მოეხსნა, თუმცა ხელისუფლებისა და საპარლამენტო უმრავლესობის მართვის სადავეები ისევ მის ხელში დარჩა.
ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ დაბრუნების შესახებ 2018 წლის აპრილში განაცხადა, ოფიციალურად კი იგი თავმჯდომარედ 11 მაისს გამართულ ყრილობაზე აირჩიეს. ივანიშვილი დღემდე ამ თანამდებობას იკავებს.
იგივე ინფორმაცია გაავრცელეს საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ტელეკომპანია „პირველმა“ და ინტერნეტგამოცემა „ტაბულამ“.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები