გოგონას, რომელიც კოვიდინფიცირებული დედ-მამის რეანიმაციაში მოთავსებას ითხოვდა, ორივე მშობელი გარდაეცვალა
ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ კონტუათის სკოლის პედაგოგი და მისი მეუღლე კორონავირუსით გარდაიცვალნენ. დედ-მამის ინფიცირების შესახებ სოციალურ ქსელში მათმა შვილმა მარი კაკაურიძემ დაწერა. მისი მშობლებისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში ადგილი ვერცერთ საავადმყოფოში ვერ მოინახა. მარი მშობლების გადარჩენას ითხოვდა:
„ჩემი მშობლები სახლში მკურნალობდნენ! გახდნენ შეუძლოდ. მამას გაუკეთეს პსრ ტესტი და დააწვინეს კლინიკა „ბომონდში“. 3 დღის შემდეგ მოვიდა უარყოფითი პასუხი და გამოწერეს სახლში! თბილისიდან ჩასულს, მამა დამხვდა ცუდად. ვრეკავ 112-ში და ველოდები მათ 2 საათი. არავინ მოდის. ჩემით მიმყავს „გორმედის“ კლინიკაში. გზაში გამიხდა უფრო ცუდად. ვიძახებ გორის სასწრაფოს და მოდიან 30 წუთში დაახლოებით. მამასთან არავინ ჯდება მედპერსონალი და მე დავუჯექი! „გორმედში“ მისულები 1 საათი დაახლოებით დერეფანში ვიყავით, არავინ გაუკეთა დამამშვიდებელი, სანამ არ ვიყვირეთ. გამოჩნდა 2 ღვთისნიერი ექიმი და იმათ მიმიხედეს და მომიყვანეს დღემდე! ახლა მამას სჭირდენა სასწრაფო რეანიმაცია. 2 დღეა და არაფერია! 1505 112-ს მიმართეო, 112-მა ექიმები აგვარებენო, ექიმმა შენ იპოვე ექიმიო! მამას აქვს კოვიდი და ინსულტი.
დედა, დედას არ გაუკეთეს ტესტი, რადგან ფეხზე იდგა და უფრო უკეთ იყო! „ბომონდში“ თხოვნით ერთი გადასხმა გაუკეთეს და გაუშვეს სახლში! მეორე დღეს ცუდად გახდა. გამოვიძახე სასწრაფო და წაიყვანეს „უნიქალმედში!“. იყო მიმღებში 2 დღე და არა პალატაში! პირველ დღეს გაუკეთეს გადასხმები, მეორე დღეს არაფერი და მესამე დღეს დამძიმდა. მადლობა მის ექიმს ვასო ფარცხალაძეს, შეუძლებელს აკეთებს დედასთვის! დედასაც ესაჭიროება რეანიმაცია! ერთი მშობელი მაინც გადამირჩინეთ! თქვენი ჯანდაცვის სისტემის კოლაფსის და არასწორი ტესტის პასუხის გამო ვართ ასეთ დღეში! პირველივე სიმპტომიდან დაიწყეს მკურნალობა სახლში „თავისი ხარჯებით!“, – წერდა მარი კაკაურიძე.
სამწუხაროდ, გოგონას მშობლების გადარჩენა ვერ მოხერხდა. მან მოგვიანებით დაწერა, რომ მისი ორივე მშობელი გარდაიცვალა: „თქვენ მომკალით, დეედიიი, მამიიი, მიკო რო არა, თავს მოვიკლავ, მიშველეთ“, – წერს მარი კაკაურიძე.
ჩემი მშობლები სახლში მკურნალობდნენ ! გახდნენ შეუძლოდ მამას გაუკეთეს პსრ ტესტი და დააწვინეს კლინიკა ბომონდი 3 დღის შემდეგ…
Posted by მარი კაკაურიძე on ხუთშაბათი, 05 ნოემბერი, 2020
54 წლის ცოლ-ქმრის გარდაცვალების ფაქტს, 6 ნოემბერს გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე. მისი თქმით, ის, რომ პაციენტს პირველი PCR ტესტით არ დაუდასტურდა კოვიდ-ინფექცია, არ მეტყველებს იმაზე, რომ რაიმე ხარვეზი იყო ტესტირების კომპონენტში:
„ვიცნობ კონკრეტულ შემთხვევებს და ამ შემთხვევების გარდა სხვა შემთხვევებსაც ვიცნობ. აქ მნიშვნელოვანია დროულობა და ეფექტურობა. ამ ფაქტთან დაკავშირებით ის, რომ არ დაუდასტურდა ვირუსი და შემდეგ რამდენიმე დღის შემდეგ დაუდასტურდა, ეს არ მეტყველებს იმაზე, რომ რაიმე ხარვეზი იყო ტესტირების კომპონენტში. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ნებისმიერ დღეს და ნებისმიერ წუთს ვდაგავართ იმის რისკის წინაშე, რომ შეიძლება დავინფიცირდეთ.
სწორედ აქედან გამომდინარე პირველი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ თავი უნდა დავიცვათ და დისტანციის არდაცვა გვაყენებს ყველაზე დიდ ზიანს. ჯანდაცვის სექტორი, რა თქმა უნდა, იღებს ყველა ასეთ ფაქტზე პასუხისმგებლობას და ჩვენ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ, თუმცა ისეთი შემთხვევები, როცა უკვე რთულდება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ან გვიან დაფიქსირებული შემთხვევიდან გამომდინარე ამ ყოველივეზე გაუჭირდებათ მხოლოდ ექიმებს პასუხის გაცემა და პასუხისმგებლობის აღება.
თუმცა მერწმუნეთ, რომ ჩვენ 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ, რომ მსგავსი შემთხვევები იყოს მინიმუმამდე დაყვანილი და სამინისტროს პირველი რგოლიდან ბოლო რგოლამდე ყველა არის ჩართული თითოეულმა პაციენტმა მიიღოს შესაბამისი მკურნალობა“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის თქმით, ქვეყანაში სიტუაცია არის ცუდი და ტრაგიკული სტატისტიკა მოჰყავს: „რეალობა არის ასეთი – დღეს 125 ცუდად გამხდარიდან 1 იღუპება. რომ გადაითვალოთ ახლა, ყოველი 125-დან ერთი დაიღუპება. რამდენი 125-ით მეტიც იქნება, იმდენით მეტი დაიღუპება“.
6 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 638-ის მდგომარეობა მძიმეა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, 316 მძიმე პაციენტია თბილისში, აჭარაში კი – 100.
„აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 293 პირი, მათ შორის, თბილისში – 150, აჭარაში – 94. 2 446 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 127 – აჭარაში, ხოლო 822 – თბილისში. 8 397 პირი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინო სივრცეში გვყავს 3 160 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 682, აჭარაში-1 426. სულ 6 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია 12 110 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 690 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 2 819 პირი, აჭარაში – 11 423, იმერეთში – 4 177“, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.
კომენტარები