პოლიტიკასაქართველო

რა მოხდება, თუ ოპოზიცია ბოიკოტს გამოაცხადებს და სადეპუტატო მანდატებზე უარს იტყვის?

საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, საკანონმდებლო ორგანოში 9 პოლიტიკური სუბიექტი – შვიდი პარტია და ორი ბლოკი შედის. ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, არჩევნების პროპორციული შედეგები პარტიების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • „ქართული ოცნება“ – 48.15%
  • „ენმ-ძალა ერთობაშია“ – 27.14
  • „ევროპული საქართველო“ – 3.78%
  • „ლელო“ – 3.15%
  • „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3.15%
  • „პატრიოტთა ალიანსი“ – 3.14%
  • „გირჩი“ – 2.86%
  • „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1.33%
  • ლეიბორისტული პარტია – 1%

ოპოზიციური პარტიების ნაწილი ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არალეგიტიმურად ცნობს და პერმანენტულ აქციებს აანონსებს. ისინი აცხადებენ, რომ ახლად არჩეულ პარლამენტში არ შევლენ. ლიდერები თვლიან, რომ პარლამენტი ლეგიტიმური არ არის და ამ ფორმით მუშაობა არ უნდა დაიწყოს.

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, როგორ შეიძლება სამართლებრივად პროცესების განვითარება, თუ ოპოზიცია მანდატებზე უარს იტყვის.

„ბევრმა იკითხა: რა მოხდება, თუ ოპოზიცია ბოიკოტს გამოაცხადებს და მანდატებზე უარს იტყვის? წინასწარ ვიტყვი, პოლიტიკურ ლეგიტიმაციას არ ეძღვნება ეს პოსტი, სამართლებრივ ნაწილზე ვამახვილებ ყურადღებას. კონსტიტუციის მიხედვით: პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება სრული შემადგენლობის უმრავლესობა. ის უფლებამოსილებას იძენს წევრთა 2/3-ის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პირველ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე პარლამენტს აცნობებს არჩევნების შედეგებს და სამანდატო კომისიას დეპუტატთა უფლებამოსილების ცნობისთვის საჭირო დოკუმენტაციას გადასცემს.

უფლებამოსილების ცნობის თაობაზე პარლამენტის დადგენილებაში (რომელიც უბრალო უმრავლესობით მიიღება) არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის პარლამენტის წევრად არჩევის კანონიერება: გასაჩივრებულია სასამართლოში; საეჭვოდ მიიჩნია პარლამენტის დროებითმა სამანდატო კომისიამ.

საკითხს შეისწავლის პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია და ამზადებს შესაბამის დასკვნას, რომელიც განიხილება უახლოეს პლენარულ სხდომაზე. პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან.

ეს ნორმები აჩვენებს, რომ უფლებამოსილების ცნობა არჩეული პირის სტატუსთან შეუთავსებლობას ეხება და არა მის სურვილს, საბოლოოდ დაიჭიროს ან არა დეპუტატის ადგილი. ამდენად, თუ არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, ოპოზიციამ უარი განაცხადა პარლამენტში შესვლაზე, ამას მხოლოდ პოლიტიკური მნიშვნელობა ექნება და არა სამართლებრივი. პარლამენტი მაინც შეიკრიბება“, – წერს ვახუშტი მენაბდე.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ 48.15% მიიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევნების პროპორციული შედეგებით პარტიას პარლამენტში 61 მანდატი უკვე აქვს.

რეგიონებში „ქართული ოცნების“ 14-მა მაჟორიტარობის კანდიდატმა პირველივე ტურში გაიმარჯვა. საბოლოო ჯამში, პარტიას პარლამენტში გარანტირებული 75 დეპუტატი ჰყავს (61+14). უმრავლესობის შესაქმნელად კი მინიმუმ 76 დეპუტატი უნდა ჰყავდეს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close