ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნა (ვიდეო)
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) გახსნის საზეიმო ცერემონია 21 ოქტომბერს გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი. გერმანიიდან ონლაინ ჩართვა ჰქონდა უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტს, პროფესორ ვოლფგანგ ა. ჰერმანს. ცერემონიის ბოლოს პირველკურსელთა ნაწილმა ფიცი დადო.
უნივერსიტეტმა პირველ სასწავლო წელს 246 სტუდენტი მიიღო. რექტორ ალექსანდრე თევზაძის ინფორმაციით, 1112 აბიტურიენტმა გამოხატა სურვილი სტუდენტი გამხდარიყო, მათგან 25%-მა გადალახა უნივერსიტეტის მიერ დაწესებული მაღალი ბარიერი მათემატიკასა და ინგლისურ ენაში. უნივერსიტეტში საქართველოს მოქალაქეებისთვის სწავლის საფასური 2250 ლარია, უცხოელი სტუდენტებისთვის კი – 3500 დოლარი იქნება.
2020-2021 სასწავლო წლისთვის უნივერსიტეტს უცხოელი სტუდენტები არ მიუღია კოვიდპანდემიის გამო.
პირველმა სტუდენტებმა სასწავლო პროცესი დისტანციურად 5 ოქტომბერს დაიწყეს. 22 ოქტომბრიდან კი სწავლა შერეული სისტემით წარიმართება: სტუდენტები კვირაში სამ დღეს ონლაინ ისწავლიან, 2 დღის განმავლობაში კი – აუდიტორიებში.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამჟამად ბაკალავრიატის სამი ინგლისურენოვანი პროგრამაა: მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერებები. პროგრამები შემუშავებულია მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით და ქართველი და გერმანელი პროფესორები ასწავლიან. მომავალ წლებში სასწავლო პროგრამების ჩამონათვალი გაიზრდება.
ალექსანდრე თევზაძის განცხადებით, აკადემიური კორპუსი, სტუდენტური საცხოვრებელი და სხვა დამხმარე კორპუსების ნაწილი დასრულებულია, დანარჩენი ნაწილის მშენებლობა კი 4-5 წელიწადში დასრულდება.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობის პროექტში ფონდი „ქართუ“ ერთი მილიარდი ევროს ინვესტიციას ახორციელებს. ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ნიკოლოზ ჩხეტიანის განცხადებით, დაგეგმილია 20-მდე შენობის მშენებლობა.
კომენტარები