კრიმინალისაქართველო

ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა ბანკზე თავდასხმისთვის ძებნილმა პირმა ე.წ. საზღვარზე გადასვლა ვერ მოახერხოს

თუ თავდამსხმელი აფხაზეთში გადასვლას მაინც მოახერხებს, სოხუმი მზადაა ის თბილისს გადასცეს - შამბა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, რუსტამ ლატიპოვის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებენ, რათა ზუგდიდში ბანკზე განხორციელებულ თავდასხმაში ძებნილმა პირმა აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლა ვერ შეძლოს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„სასაზღვრო ზონაში, სასაზღვრო დანაყოფის ძალების მიერ, რუსეთთან ერთად, ყველა საჭირო ზომა იქნება მიღებული, რათა არ დავუშვათ დამნაშავის აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხვედრა“, – განაცხადა ლატიპოვმა.

მისი თქმით, ენგურის გამშვები პუნქტი 19:00 საათიდან 07:00 საათამდე დაკეტილია და მის გადაკვეთას დროის ამ მონაკვეთში ვერავინ შეძლებს.

იმავე შინაარსის განცხადებას აკეთებს ოკუპირებული გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კონსტანტინ ფილიაც. მისი თქმით, ეჭვმიტანილი ე.წ. საზღვრის გადაკვეთას ვერ შეძლებს.

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი გუშინ შეიჭრა და მძევლები აიყვანა. დღის ბოლოს თავდამსხმელმა მძევლების უმეტესობა გაათავისუფლა და ბანკის შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა.

გვიან ღამით დარჩენილი სამი მძევალიც გათავისუფლდა. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

1tv.ge

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა „არარეალურს“ უწოდებს ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლის შესაძლებლობას. მედიაპორტალ „სოვასთან“ საუბარში ის ამბობს, რომ თუ მან მაინც გადაკვეთა ე.წ. საზღვარი, სოხუმი მზადაა ის თბილისს გადასცეს.

შამბას ინფორმაციით, „სამსახურები მზადყოფნაში არიან“, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. „სოვას“ კითხვაზე, გადასცემს თუ არა აფხაზური მხარე ქართველ სამართალდამცველებს ბანკზე თავდამსხმელს მისი პოვნის შემთხვევაში, მან თქვა: „რა თქმა უნდა“.

შეიარაღებული პირის ვინაობა და ადგილსამყოფელი, რომელმაც ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში მძევლად აიყვანა 43 ადამიანი, ამ დრომდე უცნობია. თავდასხმა 21 ოქტომბერს, დაახლოებით 14:00 საათზე მოხდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close