fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

ესპანეთსა და საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა

დღეს ნავარის რეგიონი 2 კვირით ჩაიკეტა

ევროპაში პირველი ქვეყანა ესპანეთი გახდა, სადაც, ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა მილიონს გადააჭარბა. იმავე წყაროს მონაცემებით, მილიონზე მეტი შემთხვევაა უკვე დაფიქსირებული საფრანგეთშიც. ამის შესახებ „ევრონიუსი“ წერს.

ესპანეთში ლაბორატორიულად გამოვლენილია 1 005 295 შემთხვევა, მათ შორის, 16 973 მხოლოდ გასული 24 საათის განმავლობაში. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსს ქვეყანაში 34 366 ადამიანი ემსხვერპლა.

ვირუსის მეორე ტალღის პირობებში, შემთხვევათა მატების გამო, ესპანეთის რეგიონებში ზომების გამკაცრება დაიწყეს.

ჩრდილოეთ არაგონის რეგიონულმა მთავრობამ განაცხადა, რომ ჩაკეტა ქალაქები – სარაგოსა, უესკი და ტერუელი.

მეზობელი ავტონომიური რეგიონი ნავარა, რომელიც ბოლო 2 კვირაა, ესპანეთში ლიდერობს ინფიცირებულთა რაოდენობით 100 000 მოსახლეზე გადაანგარიშებით, პირველი რეგიონია ქვეყანაში, რომელმაც დღეს, 22 ოქტომბერს თავისი საზღვრები ჩაკეტა 2 კვირით, 4 ნოემბრამდე; ლა რიოხა კი რეგიონის საზღვრებს პარასკევს, 23 ოქტომბერს ჩაკეტავს.

ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრი სალვადორ ილა დღეს ჯანდაცვის რეგიონულ წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრაზე განიხილავენ ვირუსთან ბრძოლის სტრატეგიებს და ღამით კომენდანტის საათის შემოღების საკითხს, რათა აღკვეთონ საღამოს წვეულებები, როგორც ინფიცირების წყარო.

„მინდა ძალიან გარკვევით ვთქვა, – განაცხადა ილამ 20 ოქტომბერს, – ძალიან მძიმე კვირები გველოდება“.

მართალია, ბოლო 2 კვირის განმავლობაში, მიღებული ზომების წყალობით, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა შემცირდა და, 100 000 მოსახლეზე გადაანგარიშებით, ამჟამად 332 შემთხვევას შეადგენს, თუმცა ეს მაჩვენებელი მაინც შეშფოთებას იწვევს, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ის უფრო დაბალია, ვიდრე ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, როგორიცაა: ჩეხეთი, ბელგია, ნიდერლანდები, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი.

მიუხედავად იმისა, რომ გამოვლენილ შემთხვევებს შორის ბევრი უსიმპტომო პაციენტია, ესპანეთის საავადმყოფოები მაინც ზეწოლის ქვეშაა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო კვირის განმავლობაში 3900-ზე მეტი პაციენტის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო, მათგან 274-ს ინტენსიური თერაპია დასჭირდა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის რუკის მონაცემებით, მილიონიან ნიშნულს გადააჭარბა საფრანგეთმაც, სადაც უკვე გამოვლენილია 1 000 369 შემთხვევა. 34 075 პაციენტი დაიღუპა. ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში 26 ათასით გაიზარდა. როგორც ცნობილია, საფრანგეთმა რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი უკვე შემოიღო დაპირბადის ტარება საჯარო სივრცეებში ყველგან სავალდებულო გახადა.

დღეისთვის მსოფლიოში უკვე შვიდი ქვეყანაა, სადაც ინფიცირებულთა რიცხვმა მილიონს გადააჭარბა. ეს ქვეყნებია – აშშ (8,7 მლნ-მდე), ინდოეთი (7,7 მლნ-ზე მეტი), ბრაზილია (5,3 მლნ-ზე მეტი), რუსეთი (1,45 მლნ-ზე მეტი), არგენტინა (1,04 მლნ-მდე), ესპანეთი (1 მლნ-ზე მეტი) და საფრანგეთი (1 მლნ-ზე მეტი).

მანანა ბანძელაძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close