იტალიაპოლიტიკა

მილანში კომენდანტის საათი დაწესდა – დარღვევისთვის ჯარიმა 3000 ევრომდეა

კამპანიის შემდეგ, ლომბარდიის გარდა, ლაციოსაც (რომი) შემოაქვს კომენდანტის საათი 

იტალიის ჩრდილოეთ რეგიონის – ლომბარდიის (მილანი) ხელისუფლებამ კომენდანტის საათი შემოიღო, 23:00 საათიდან დილის 5 საათამდე. დროის ამ მონაკვეთში გადაადგილება ნებადართულია მხოლოდ იმ მოქალაქეებისთვის თვითსერტიფიკატის საფუძველზე, რომლებისთვისაც ეს აუცილებლობას წარმოადგენს. სხვა შემთხვევაში დამრღვევს 3000 ევრომდე ჯარიმა დაეკისრება.

კომენდანტის საათის რეჟიმი რეგიონში 22 ოქტომბერს დაიწყო და 13 ნოემბრამდე გაგრძელდება. შესაბამის დადგენილებას უკვე მოაწერეს ხელი იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანცამ და ლომბარდიის რეგიონის პრეზიდენტმა ატილიო ფონტანამ.

21 ოქტომბერს ლომბარდიის რეგიონში (ისევე, როგორც მთელ იტალიაში – 15 199) კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა – 4125 ახალი შემთხვევა.

ინფექცია მკვეთრად იზრდება მილანში (მილანის პროვინციაში – 1858, აქედან საკუთრივ ქალაქ მილანში – 753), კონკრეტულად კი – მონცისა და ბრიანცის პროვინციებში, სადაც 21 ოქტომბერს ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობამ 671 შეადგინა (წინა დღეს – 123 ანუ თითქმის 5,5-ჯერ გაიზარდა).

„დროებითი სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც მილანის და ბერგამოს ბაზრობების პავილიონებში შეიქმნა, უახლოეს დღეებში ისევ გაიხსნება და ლომბარდიის ჯანდაცვის სისტემას ინტენსიური თერაპიის 201 საწოლით უზრუნველყოფს“, – ამის შესახებ საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ლომბარდიის პრეზიდენტმა ატილიო ფონტანამ გაავრცელა ინფორმაცია.

დადგენილება კომენდანტის საათის შემოღებაზე უკვე ხელმოწერილია ლაციოშიც (რომი), სადაც ახალი წესები 23 ოქტომბრიდან, პარასკევიდან ამოქმედდება და მოქალაქეთა გადაადგილება 24:00 საათიდან დილის 5 საათამდე შეიზღუდება.

ახალი შეზღუდვებისთვის ემზადება ემილია-რომანიაც, ამის შესახებ რეგიონის პრეზიდენტმა სტეფანო ბონაჩინიმ Tg2 Post-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, თუ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესდება, „საჭირო გახდება შემდგომი შეზღუდვები და აუცილებელია გადავწყვიტოთ, რომელი რაიონების დაკეტვის ნება მივცეთ თავს და რომლისა – არა. ქარხნების, მაღაზიებისა და სკოლების დაკეტვა არ შეიძლება“.

იტალიის მთელ ტერიტორიაზე, 21 ოქტომბრის საღამოს მონაცემებით, SARS-CoV-2-ით ინფიცირების დღიური შემთხვევების ანტირეკორდი დამყარდა – ბოლო 24 საათში 15 199 ახალი შემთხვევა გამოვლინდა (წინა დღეს – 10 874), ამასთან, 178 ათასზე ცოტა მეტი ტესტი ჩატარდა, საიდანაც დადებითი პასუხი 8,55%-ში დადასტურდა (წინა დღით – 7,51%-ში).

მკვეთრად გაიზარდა გარდაცვალების დღიური მაჩვენებელიც – ბოლო ერთ დღეში იტალიაში კოვიდით 127 ადამიანი გარდაიცვალა (წინა დღეს – 89), ჯამში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი 36 832-ს აღწევს.

გამოჯანმრთელდა კიდევ 2369 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა მთლიანი რაოდენობა ამ დროისთვის 257 374-ს შეადგენს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close