გოგონას, რომლის ოჯახის წევრები მეწყერმა იმსხვერპლა, აჭარის მთავრობა ბინას გადასცემს
მეექვსეკლასელ თიკა თედორაძეს, რომლის ოჯახის 3 წევრი ხელვაჩაურში მეწყერმა იმსხვერპლა, აჭარის მთავრობა ბინას გადასცემს. ინფორმაცია აჭარის მთავრობის პრესსამსახურმა დაადასტურა.
გოგონას ბებია გულნარა თედორაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ აჭარის მთავრობა ყველაფერს აკეთებს დაობლებული გოგონას დასახმარებლად.
„აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ბატონ თორნიკესგან ჩვენმა ოჯახმა და ამ უდიდეს ტრაგედიას გადარჩენილმა პატარა გოგონამ სწავლის ხელშეწყობისთვის მიიღო ლეპტოპი, მიიღო ასევე ფინანსური მხარდაჭერა. ყველაფერს აკეთებენ, რომ ბავშვს მაქსიმალურად დაეხმარონ ამ მძიმე პერიოდის დაძლევაში. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მთავრობის მხრიდან იგეგმება მხარდაჭერა და პატარა, დაობლებული გოგონას ბინით უზრუნველყოფა. ამ ყველაფრისთვის უღრმესი მადლობა“, – წერს გოგონას ბებია გულნარა თედორაძე.
ხელვაჩაურის სოფელ ჯოჭოში მეწყერმა თედორაძეების ოჯახის 3 წევრი იმსხვერპლა – დედ-მამა და მათი მეათეკლასელი ვაჟიშვილი. ოჯახის ერთადერთი გადარჩენილი წევრი, მეექვსეკლასელი გოგონა უბედური შემთხვევის დროს შუახევში ბებიასთან სტუმრად იმყოფებოდა.
კომენტარები