თბილისის ყოფილ იპოდრომზე ცენტრალური პარკი გაშენდება
თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი და ფონდი „ქართუ“ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცემს და იქ „ქართუს“ დახმარებით თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება.
კალაძის განცხადებით, პარკის მშენებლობა რამდენიმე ათეული მილიონი დაჯდება – პროექტი, რომელზეც ჰოლანდიური კომპანია მუშაობს, თითქმის დასრულებულია. მერის ინფორმაციით, უახლოეს ხანში გამოცხადდება მშენებლობის დაწყების თარიღი, პარკი კი სამ წელიწადში გაშენდება.
ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარის, ნიკოლოზ ჩხეტიანის განმარტებით, ფონდი იღებს ვალდებულებას, რომ უახლოეს პერიოდში მოაწყოს ახალი მრავალფუნქციური სარეკრეაციო ზონა – თბილისის ცენტრალური პარკი, სადაც ყველას ექნება დასვენების შესაძლებლობა. „თბილისი ჩვენი სახლია და ჩვენ ყველანი ერთად უნდა ვზრუნავდეთ მასზე“, – განაცხადა ჩხეტიანმა. მან და კახა კალაძემ 5 ოქტომბერს ხელი მოაწერეს მუნიციპალიტეტისთვის ყოფილი იპოდრომის საჩუქრად გადაცემის დოკუმენტს.
წყარო: radiotavisupleba.ge
კომენტარები