მხოლოდ ქართული, მხოლოდ ეროვნული! – ილია ჭავჭავაძის მიერ დაწყებული საშვილიშვილო საქმე გრძელდება
მალე ქართველი ემიგრანტები უცხოეთში გაეცნობიან გაზეთს, რომელიც „საქართველოს საადგილმამულო ფონდის“ (დამფუძნებელი და დირექტორი გუჯა შვანგირაძე) ერთ-ერთი პირველი პროექტია.
თავად ფონდი დიდი ხანი არ არის, რაც შეიქმნა, უფრო სწორად, როგორც დამფუძნებლები ამბობენ, „1875 წელს დაარსებულ ილია ჭავჭავაძისეულ საადგილმამულო ბანკთან მოქმედ „საერთო-სასარგებლო კაპიტალის ფონდის“ საქმიანობას აგრძელებს, თანამედროვე რეალობის და მოთხოვნების გათვალისწინებით“ და არაერთ მნიშვნელოვან საკითხთან ერთად ჩვენს თანამემამულე ემიგრანტებზე ზრუნვა და მათი ინტერესების გათვალისწინება აქვს წინ წამოწეული.
თუ რა არის ემიგრანტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და რას უნდა ელოდონ აღნიშნული ფონდისგან, – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ფონდის ერთ-ერთი წარმომადგენელი იტალიაში, თეონა ბოტკოველი გვესაუბრება:
„ყველაზე მთავარი „საქართველოს საადგილმამულო ფონდის“ პროექტებიდან – ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნება და მათი შემდგომი ეტაპობრივად დასაქმება და ჩართვაა ყველა პროექტში, რომელსაც ფონდის სამეთვალყურეო საბჭო დაამტკიცებს. ნებისმიერ ჩვენგანს შეგვიძლია გავხდეთ ფონდის წევრი და წარვადგინოთ საკუთარი პროექტები, ოღონდ ყველაფერი უნდა იყოს ორიენტირებული მხოლოდ ქართულ, ეროვნულ ფასეულობებზე, მომავალი თაობისთვის უნდა გაიკვალოს გზა, რომელსაც ისინი გააგრძელებენ. ეს არაა პოლიტიკური, არც თანამდებობების მოსაპოვებლად ან რამე გამორჩენაზე ზრუნვით დაწყებული საქმეა, აქ ყველაფერი ქართულია, ენთუზიასტების, ფონდის წევრების მეცენატეობით შექმნილი ნამდვილი ეროვნული საქმე.
ყველაფერს უფრო დაწვრილებით ფართო საზოგადოება ჩვენი პირველი პროექტიდან ანუ გაზეთიდან „საადგილმამულო“ შეიტყობს, რომელიც საზღვარგარეთაც გავრცელდება. ყველა ქვეყანაში და ქალაქში გაიგზავნება გაზეთი, სადაც კი ამის სურვილი ექნებათ.
ჩვენთან, იტალიაში, ქალაქ ბარიში გაზეთის პრეზენტაცია მიმდინარე წლის ოქტომბრის პირველ ხუთშაბათ დღეს, პირველ ოქტომბერს გაიმართება.
მანამდე მინდა თხოვნით მივმართო მთელ მსოფლიოში გაბნეულ ჩვენს თანამემამულეებს, ყველამ აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ამ მეტად მამულიშვილურ საქმეში – 150 წლის წინათ ილია ჭავჭავაძის მიერ დაწყებული ეროვნული აღმავლობის გზა შეგვიძლია ღირსეულად განვაგრძოთ სამშობლოს გულშემატკივარმა ყველა ქართველმა!“
თამარ ოთიაშვილი
კომენტარები