თერჯოლაში გარდაცვლილ 11 წლის მოზარდს საეკლესიო წესების სრული დაცვით დაკრძალავენ
თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის ოჯახმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიმართა თხოვნით, წესი აუგონ მიცვალებულს.
გამოძიების ოფიციალური ვერსიით, ბავშვი მამამ მიიყვანა თვითმკვლელობამდე, თუმცა, როგორც ოჯახის წევრები ვარაუდობენ, შესაძლოა მამას 11 წლის შვილი ცემის დროს შემოაკვდა.
„შეიძლება სულაც არ მოუკლავს თავი. არ ვიცი, ღმერთის წინაშე ტყუილს ვერ ვიტყვი… თუ ბავშვმა მართლა მოიკლა თავი, ეს გააკეთა სტრესის გამო, ამიტომ ვთხოვ საპატრიარქოს, დართოს ნება და ჩემს პატარას წესი აუგონ და ისე წავიდეს ამ ქვეყნიდან“, – უთხრა ტელეკომპანია „მთავარ არხს“ გარდაცვლილის ბებიამ, როზა ბოგვერაძემ.
თერჯოლა-ტყიბულის ეპარქიის მეუფის, გიორგი შალამბერიძის თქმით, თუ მოზარდმა თავი მოიკლა, ეკლესია წესს ვერ აუგებს და ვერც გამონაკლისს დაუშვებს.
„თუ თავი მოიკლა, წესს ვერ ავუგებთ, გამორიცხულია, ეს ღვთის გმობაა. არ გვაქვს უფლება, ვერც გამონაკლისს დავუშვებთ, ღმერთს გამონაკლისები არ აქვს, ზუსტად მოქმედებს. ვერც მოზარდის შემთხვევაში… 11 წლის ბავშვი გაუაზრებელია? ჩვენ შეგვიძლია ცოდვები მივუტევოთ, სხვა მხრივ დაუშვებელია, გამონაკლისს ვუშვებთ ავადმყოფობის შემთხვევაში, თუ ექიმის ცნობა იქნება, სხვა მხრივ – არა“, – განაცხადა მეუფე გიორგიმ.
„რუსთავი 2“-ის მიერ დღეს საღამოს გავრცელებული ინფორმაციით, თერჯოლაში 11 წლის მოზარდს სამშაბათს დაკრძალავენ საეკლესიო წესების სრული დაცვით. საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ბავშვს დღეს პირველი პანაშვიდი გადაუხადეს. ოჯახის წევრები და მეზობლები ისევ საუბრობენ მამის მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე, რომელსაც, ფაქტობრივად, ყოველდღიური ხასიათი ჰქონდა.
ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება: მკვლელობა თუ თვითმკვლელობამდე მიყვანა? – ამ კითხვას პასუხი სამედიცინო ექსპერტიზამ უნდა გასცეს. თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ავთანდილ აბჟანდაძის ოჯახის წევრები სამართალდამცავს ორგანოებს ნდობას უცხადებენ და ობიექტური გამოძიების იმედი აქვთ.
თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ძალადობის მუხლით დაკავებულ მოზარდის მამას კი თერჯოლის რაიონულმა სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.
49 წლის ფრიდონ აბჟანდაძე, თავისი შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, 23 აგვისტოს საკუთარ სახლში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-იდან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები