„დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ – სახელმწიფო საგრანტო პროექტის ფარგლებში 19 ქვეყნიდან 45 გამარჯვებული გამოვლინდა
დასრულდა სახელმწიფო საგრანტო პროგრამის „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ ნომინანტთა შესარჩევი კონკურსი, რომლის ფარგლებში 45 გამარჯვებული გამოვლინდა მსოფლიოს 19 ქვეყნიდან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, კონკურსში გამარჯვებული უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების გამოცხადების ცერემონია დღეს, 27 აგვისტოს გაიმართება.
„ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, პარლამენტის დიასპორასთან ურთიერთობისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და კომიტეტის წევრები, კონკურსში გამარჯვებული დიასპორელები. მოწვეულ სტუმრებს შორის ასევე არიან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოს სამთავრობო უწყებების და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
მსოფლიოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) ფართოდ გავრცელების შედეგად შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს პრიორიტეტი მიენიჭა იმ პროექტებს, რომელთა მიზანს წარმოადგენდა პანდემიის შედეგად შექმნილი კრიზისული ვითარების ფონზე უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარება და მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების/გაერთიანებების ფუნქციონირების ხელშეწყობა. 2020 წლის კონკურსის ფარგლებში 87 საპროექტო წინადადებიდან, კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდა 70 განაცხადი, მათგან სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა 44 გამარჯვებული. კომისიის შემადგენლობაში შედიან საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები.
„დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ საგრანტო პროგრამა გასულ წელს ამოქმედდა და მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეთა ხელშეწყობას ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების, სახალხო დიპლომატიის განვითარების და სამშობლოსთან კავშირის გაღრმავების პროცესში. პროექტი საშუალებას აძლევს თანამემამულეებს, გამჭვირვალე კონკურსის გზით მოახდინონ საკუთარი იდეების რეალიზება, რაც დიასპორულ საქმიანობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
კომენტარები