კრიმინალისაქართველო

რაჭაში მოკლულ ახალგაზრდა კაცს ფეხმძიმე ცოლი და მცირეწლოვანი შვილი დარჩა

გამოძიებამ ცხელ კვალზე ორი პირი დააკავა, 19 წლის ბიჭები

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტ სოფელ აგარაში 29 წლის მამაკაცი საკუთარ სახლთან ახლოს გაგუდეს. 

მოკლული ახალგაზრდა კაცი, 29 წლის ლასო აბუთიძე, ამბროლაურის მერის, ზვიად მხეიძის განცხადებით, ამბროლაურში კოტეჯს ფლობდა. მერის თქმით, მას კონფლიქტი იმერეთიდან ჩამოსულ დაქირავებულ მუშებთან მოუვიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დღის პირველ ნახევარში აბუთიძეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში გაქირავებული კოტეჯის მდგმურებმა დაურეკეს და დახმარება სთხოვეს. ადგილობრივების მტკიცებით, კოტეჯის მაცხოვრებელ გოგონებს მეზობელ სახლში მომუშავე ახალგაზრდები პრობლემებს უქმნიდნენ. სავარაუდოდ, ახალგაზრდა მამაკაცი სწორედ მათთან საქმის გასარკვევად მივიდა.

შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო და ცხელ კვალზე 2001 წელს დაბადებული ორი პირი დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ბრალდებულებს და 1990 წელს დაბადებულ ლ.ა.-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ლ. ა. დაპირისპირების დროს მიღებული დაზიანებებით შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები“, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება 109-ე, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 13-იდან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდაცვლილს ფეხმძიმე მეუღლე და 5 წლის შვილი დარჩა.

როგორც ადგილობრივი მცხოვრები კახა აბუთიძე ჰყვება, შემთხვევა დაახლოებით ღამის ორ საათზე მოხდა.

„ისე ვართ განადგურებულები ამ საშინელი ტრაგედიით, ლაპარაკი გვიჭირს, ისეთი ბიჭი მოგვიკლეს. 29 წლის იყო ლასო, თბილისში ცხოვრობდა და იქ საქმიანობდა, თავისი პატარა ბიზნესი ჰქონდა. უცხოეთშიც დადიოდა და სულ შრომობდა. როგორც კი დრო გამოუჩნდებოდა, ამბროლაურში, სოფელ აგარაში მორბოდა, ისე უყვარდა აქაურობა და მთელი სანათესაო. საოცარი ადამიანი იყო. საკმაოდ ერუდირებული, ჩამოყალიბებული ახალგაზრდა. კონფლიქტური საერთოდ არ იყო. ასეთი კარგი ბიჭი იყო და წარმოუდგენელია რა მოხდა ისეთი, რომ ასე გაიმეტეს.

კოტეჯი ჰქონდა გაქირავებული გოგონებზე, იქვე გზის მეორე მხარეს ლასოს ბიძაშვილის სახლი შენდება, შიდა სარემონტო სამუშაოები მიდის და მუშები ჰყავდა დაქირავებული. ვინ არიან ეს ადამიანები არ ვიცით, ხომ იცით, ერთ მუშას რომ მეორე მოჰყავს, ასე აღმოჩნდნენ იქ. ადამიანმა ხომ არ იცი, ფსიქიკურად გაწონასწორებულია თუ არა შენი მუშა და ხელოსანი. ბიძაშვილი ისეთი დათრგუნული და განადგურებულია, ხმას ვერ იღებს. როგორც ჩანს, ეს მუშები ავიწროებდნენ ლასოს მდგმურ გოგონებს, ისე იქცეოდნენ, რომ იძულებულები გახდნენ, ლასოსთვის დაერეკათ.

ბიჭი ღამის 2 საათზე ჩავიდა სიტუაციის გასარკვევად და ასე სადისტურად მოკლეს. რაჭაში ვინმეს თუ რამე დასჭირდებოდა, ლასოს ურეკავდნენ თბილისში და სთხოვდნენ დახმარებას, დაუზარელი ბიჭი იყო. შესანიშნავი ოჯახი ჰქონდა. ჰყავს მეუღლე და 5 წლის შვილი, ახლა გავიგეთ რომ მეუღლე ფეხმძიმედ ყოფილა“, – ამბობს კახა აბუთიძე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close