ვიდეომსოფლიოსაზოგადოება

ბეირუთში აფეთქების კადრები – გარდაცვლილთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა (ვიდეო)

ბეირუთის გუბერნატორმა ინციდენტი ჰიროსიმისა და ნაგასაკის აფეთქებებს შეადარა

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მასშტაბური აფეთქება 4 აგვისტოს ქალაქის საპორტო ნაწილში მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით აფეთქების ადგილას პიროტექნიკის საწყობი იყო. ლიბანის შინაგან საქმეთა მინისტრ აბას იბრაჰიმის თავდაპირველი ვარაუდით, მომხდარი აფეთქების მიზეზი შესაძლოა წლების წინ შემოტანილი ასაფეთქებელი ნივთიერება ყოფილიყო.

ტელეკომპანია „სიენენი“ გუშინ იტყობინებოდა, რომ ბეირუთში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 25 ადამიანი დაიღუპა და 2200-ზე მეტი დაშავდა.

დღეს „როიტერის“ მიერ წითელ ჯვარზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციით, ლიბანში მასშტაბური აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა. დაშავდა 4000-ზე მეტი ადამიანი.

ორგანიზაციის მონაცემებით, მსხვერპლთა რიცხვი კიდევ გაიზრდება, რადგან ნანგრევების ქვეშ ათობით ადამიანია მოყოლილი.

„ბევრი ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ასობით ადამიანი მოდის და სამაშველო ჯგუფებს თავიანთი ახლობლების შესახებ ეკითხება, ღამით სამძებრო სამუშაოები გაძნელდა, რადგან ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილია. რეალური კატასტროფის წინაშე ვიმყიფებით და საჭიროა დრო ზარალის შესაფასებლად“, – განაცხადა ლიბანის ჯანდაცვის მინისტრმა ჰამად ჰასანიმ.

ბეირუთის გუბერნატორმა ინციდენტი ჰიროსიმისა და ნაგასაკის აფეთქებებს შეადარა.

„გარდიანის“ ინფორმაციით, ლიბანის პრეზიდენტმა მიშელ აუნმა ქვეყანაში ორი კვირით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ლიბანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ტვიტერში გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაუშვებელია ექვსი წლის განმავლობაში 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატის საწყობში შენახვა, სადაც ის სათანადოდ არ იყო დაცული.

სიენენის“ ცნობით, აფეთქება საწყობში 3,3 მაგნიტუდის მიწისძვრის ტოლფასი იყო.

ლიბანის დედაქალაქში მომხდარი აფეთქება 240 კილომეტრით დაშორებულ კვიპროსზეც იგრძნეს.

„როიტერის“ ინფორმაციით, კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიის ერთ-ერთი მცხოვრები სოციალურ ქსელ ტვიტერში წერს, რომ აფეთქების ტალღამ მის სახლამდე მიაღწია.

კვიპროსელი ჟურნალისტის, ემილია პაპადოპულოსის თქმით, აფეთქება ქალაქ ლიმასოლში იგრძნო და მიწისძვრა ეგონა.

„ჩვენ ეს კვიპროსში ვიგრძენით. დაუჯერებელია“, – წერს კვიპროსელი ჟურნალისტი.

ინტერნეტმასალების მიხედვით მოამზადა მანანა ბანძელაძემ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close