ისტორიამოდა/სილამაზე

ეკატერინე თარხან-მოურავი – პირველი „მის მსოფლიოს“ გამარჯვებული

ეკატერინე თარხან-მოურავი მსოფლიოში პირველი სილამაზის კონკურსის გამარჯვებული იყო. 1905 წელს პარიზში გამართულ ღონისძიებას მსოფლიოს სილამაზისა და ყვავილების დღესასწაულს უწოდებდნენ. კონკურსში არისტოკრატი გოგონები მონაწილეობდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მეორე ადგილზე ავსტრიის პრინცესა გავიდა. გამარჯვების ნიშნად ეკატერინეს ბრილიანტისთვლებიანი გულსაბნევი გადასცეს.

ეკატერინეს ნოე ჟორდანიასთან კავშირშიც ადანაშაულებდნენ, მას ბათუმამდე გაჰყვა, მაგრამ ემიგრაციაში აღარ წავიდა. დაჭერის მოლოდინში გაატარა მთელი ცხოვრება… ეკატერინე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ელერ თარხნიშვილი, ეკატერინე თარხნიშვილის შვილიშვილი:

– გიორგი სააკაძის პირდაპირი შთამომავლები ვართ. ბებია სააკაძის მეათე თაობას ეკუთვნოდა, მე, შესაბამისად, მეთორმეტე თაობის წარმომადგენელი გახლავართ. ჩვენი შორეული წინაპრები დაღესტნიდან არიან წამოსული, შემდეგ ისინი სომხეთში ცხოვრობდნენ, მოგვიანებით კი – ქართლში, ფრონეს ხეობაში დასახლდნენ.

გიორგი სააკაძე კასპის რაიონში, სოფელ ნოსტეში ცხოვრობდა, ბებიაჩემი კი, მის მახლობლად, სოფელ ახალქალაქში გაიზარდა. მამამისი, გრიგოლ თარხან-მოურავი სამხედრო სამსახურში გახლდათ და პოლკოვნიკის წოდება ჰქონდა. ეკატერინეს დედა, ეფემია კი ცნობილი კრიტიკოსის, იაკობ მანსვეტაშვილის და იყო. იაკობ მანსვეტაშვილი ილია ჭავჭავაძესთან ერთად „ივერიაში“ მუშაობდა.

მშობლები ბებიას ისე ზრდიდნენ, როგორც ნამდვილ თავადიშვილს და განსაკუთრებით ანებივრებდნენ იმის გამო, რომ რამდენიმე დედმამიშვილს შორის ცოცხალი მხოლოდ ის დარჩა. ეკატერინეს და-ძმები, სხვადასხვა ავადმყოფობის გამო, სხვადასხვა ასაკში გარდაიცვალნენ. როდესაც ეკატერინე წამოიზარდა, მშობლებმა ის კულტურის, კარგი მანერების ასათვისებლად და ფრანგული ენის შესასწავლად პარიზში წაიყვანეს. თარხან-მოურავების ოჯახი საფრანგეთში 1903-1907 წლებში ცხოვრობდა. ქართველი თავადები უმეტეს დროს პარიზში ატარებდნენ, ზაფხულობით კი იქვე ახლოს, პა-დე-კალეს სრუტესთან მიემგზავრებოდნენ დასასვენებლად.

ეკატერინეს ძალიან ჰყვარებია წყალში ყოფნა. ამის გამო ფრანგმა მეგობრებმა მას გედი შეარქვეს. იმ დროს პარიზში თურმე, ყოველ წელს, ყვავილების დღსასწაულს აღნიშნავდნენ, სადაც სილამაზის კონკურსის მსგავსი ღონისძიება იმართებოდა. ერთხელ ამ კონკურსში ბებიასაც მიუღია მონაწილეობა. მონაწილეთათვის ყვავილებით ირთვებოდა ეტლები, გოგონები სათითაოდ სხდებოდნენ ამ ეტლებში, თავად ეჭირათ სადავეები და ასე უნდა ჩაევლოთ ქუჩაზე, რომლის ორივე მხარეს მაყურებელი შეგროვილიყო. კონკურსანტებს უკან მიჰყვებოდნენ ახალგაზრდა გოგონები ჩანთებით, სადაც მაყურებელი აგდებდა ბიულეტენს, რომელზეც საკუთარი რჩეულის სახელი ეწერა. შესაბამისად, ვინც ყველაზე მეტ ხმას მოიპოვებდა, კონკურსის გამარჯვებულიც ის ხდებოდა.

ბებიის ეტლი ცისფერი ყვავილებით ყოფილა მორთული, თავადაც ცისფერი კაბა სცმია ეკატერინეს, რომელიც ცისფერთვალება, ქერათმიან ქალბატონს განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა. ან კი, რა ქალბატონს? ეკატერინე ამ დროს 15 წლისაც არ იქნებოდა!.. მასთან ერთად ამ კონკურსში ავსტრიის მეფის ასული და იტალიელი მილიონერის ქალიშვილიც მონაწილეობდნენ. მაგრამ მაყურებელმა გამარჯვება კავკასიელი სამხედრო პირის ქალიშვილს მიანიჭა. ამის გამო, ეკატერინესთვის საჩუქრად ბრილიანტის თვლებით მოოჭვილი გულსაბნევი მიურთმევიათ. ბებიამ ის თბილისში ჩამოსვლისთანავე დაკარგა. ევროპულ მანერებს მიჩვეულმა ქალბატონმა თბილისის რკინიგზის სადგურზე ბარგი და სავიზიტო ბარათი მუშებს დაუტოვა: ამ მისამართზე მომიტანეთო. ამ ბარგთან ერთად გაქრა კონკურსში მიღებული გულსაბნევი და ვინ იცის, რა ბედი ეწია.

ბებიამ მასზე შეყვარებული ბევრი ყმაწვილი დატოვა საფრანგეთში, მათ შორის, პარიზის გავლენიანი ადამიანების შვილებიც იყვნენ. მამამისს სასიძოდ მხოლოდ ქართველი უნდოდა, თუმცა ბებია ორჯერ იყო გათხოვილი და არცერთი მისი ქმარი ქართველი არ ყოფილა. პირველად, 1908 წელს, ცოლად გაჰყვა ფრანგ სტუდენტს, მიშა სეგალს. სეგალის მშობლები ჯერ განჯაში ცხოვრობდნენ, მოგვიანებით კი თბილისში გადმოვიდნენ საცხოვრებლად. ეკატერინე შინიდან გაიპარა და მშობლების დაუკითხავად დაიწერა ჯვარი სეგალზე. სწორედ მასთან შეეძინა ერთადერთი ვაჟიშვილი – მამაჩემი ნიკოლოზი. გრიგოლ თარხან-მოურავმა იმდენად აითვალწუნა ფრანგი სიძე, რომ 2-3 წელიწადში აიძულა, წასულიყო ბებიაჩემისგან, მამაჩემი კი თავის გვარზე დაწერა. ბებია მეორედ გათხოვდა და ამჯერად გვარად მოროზოვს გაჰყვა ცოლად…

ბებია  თბილისში, სამხედრო ჰოსპიტალში მოწყალების დად მუშაობდა. სწორედ იმ პერიოდში ნოე ჟორდანიასთან კავშირშიც დასდეს ბრალი და ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ეკატერინე მას ბათუმამდე გაჰყვა, მაგრამ საზღვარგარეთ აღარ წავიდა და უკან დაბრუნდა… ბებია ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა. საერთოდ, ძალიან მიკვირს, როგორ გადაურჩა ჩვენი ოჯახი 1924 და 1937 წლების რეპრესიებს. 1937-ში ბებიაჩემის მამა, გრიგოლი, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და სულ იმის მოლოდინში იმყოფებოდა, რომ დაიჭერდნენ. საბედნიეროდ, ეს არ მოხდა. ალბათ, სწორედ ამის წყალობით, ოჯახის არქივი სრულყოფილი სახით შემოგვრჩა, მათ შორის – უძველესი ფოტოები, ჩანაწერები, საქმიანი ქაღალდები და ა.შ.

tbilisipost.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close