„ეპიმენიდეს ძილი“: კრეტელი ბრძენი, რომელსაც მღვიმეში 57 წელი ეძინა
რას ნიშნავს „ეპიმენიდეს ძილი“
გამოთქმა „ეპიმენიდეს ძილი“ ერთ-ერთ ყველაზე პარადოქსულ და მისტიკურ ამბავს უკავშირდება ძველი საბერძნეთის ისტორიაში, რომელიც ეპიმენიდეს – კრეტელ ბრძენს, პოეტს, რელიგიურ მოძღვარსა და, გადმოცემის თანახმად, წინასწარმეტყველური უნარების მქონე ადამიანს – შეემთხვა. ყველაზე ადრეული და მნიშვნელოვანი ანტიკური წყარო (II-III სს.), რომელშიც ეს ისტორიაა მოთხრობილი, არის დიოგენე ლაერტელის ნაშრომი – „გამოჩენილ ფილოსოფოსთა ცხოვრების, სწავლებათა და გამონათქვამების შესახებ“ (Βίοι καὶ γνῶμαι τῶν ἐν φιλοσοφίᾳ εὐδοκιμησάντων).
როგორ აღმოჩნდა ეპიმენიდე მღვიმეში
ლეგენდის თანახმად, ერთხელ ეპიმენიდე მამამისმა დაკარგული ცხვრის საპოვნელად გაგზავნა. მას ხანგრძლივი ძებნის შემდეგ გზა აებნა და მღვიმეში შევიდა. დაღლილი ჭაბუკი მღვიმეში წამოწვა და ჩაეძინა.
აქ იწყება მისი ისტორიის ყველაზე საოცარი ნაწილი: ეპიმენიდემ მღვიმეში (გადმოცემით, ეს იყო იდას მღვიმე) 57 წელი გაატარა ძილში.
ამ მოვლენის ხსოვნა ენაში დამკვიდრდა, როგორც ფრაზეოლოგიზმი — „ეპიმენიდეს ძილი“, რაც უაღრესად ხანგრძლივ ძილს ან ისეთ მდგომარეობას აღნიშნავს, როდესაც ადამიანი თითქოს რეალური დროიდან ამოვარდება.
გამოღვიძება ათწლეულების შემდეგ
გამოღვიძების შემდეგ ეპიმენიდემ ძებნა გააგრძელა, ეგონა, რომ იმ მომენტიდან, როცა მღვიმეში შევიდა, მხოლოდ რამდენიმე საათი იყო გასული, თუმცა მალევე ნათლად დაინახა, რომ გარშემო სამყარო მთლიანად შეცვლილიყო: იგი ვეღარ ცნობდა ადგილებს, ძველი ნიშნები გაქრა, მისი ნაცნობი ადამიანები კი აღარ ჩანდნენ.
მინდვრებს სხვა მფლობელები ჰყავდა, სოფელი შეიცვალა, ხოლო ახლობლების ძებნისას აღმოაჩინა, რომ მათი უმრავლესობა უკვე გარდაცვლილი იყო. საბოლოოდ ეპიმენიდემ თავისი ძმა იპოვა – იმ დროისთვის უკვე ღრმად მოხუცებული – რომელთან საუბარშიც გაარკვია, რომ მისი ძილი 57 წლის განმავლობაში გაგრძელდა.
როდესაც ბერძნებმა ეპიმენიდეს საოცარი ამბავი გაიგეს, ღმერთების რჩეულად ჩათვალეს, რადგან მისი თქმით, ძილში ღმერთებს ხვდებოდა. გადმოცემის თანახმად, ეპიმენიდემ ამ ამბის შემდეგ წინასწარმეტყველების უნარი შეიძინა.

დიოგენე ლაერტელი, პითაგორა და წმინდა მღვიმე
ლეგენდის მთავარი საკვანძო მომენტი ხანგრძლივი ძილი კი არ არის, არამედ მღვიმეში მიღებული მისტიკური გამოცდილება, რომელსაც ანტიკური ტრადიცია შინაგან გამოცდად და სულიერ ინიციაციად აღიქვამს. ძველბერძნულ კულტურაში მღვიმე იშვიათად არის უბრალო სივრცე – ის ხშირად დაფარული ცოდნისა და სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გასვლის სიმბოლოს წარმოადგენს. ეს ლეგენდა შესაძლოა ჩვეულებრივ მითს ჰგავდეს, რომ არა მნიშვნელოვანი წყარო: დიოგენე ლაერტელი, ფილოსოფიის ისტორიის ანტიკური მკვლევარი, პითაგორას ბიოგრაფიაში აღნიშნავს, რომ პითაგორამ – რომელსაც საკრალური ცოდნისა და ინიციაციების თემა ძლიერ იზიდავდა – კრეტა მოინახულა და ეპიმენიდესთან ერთად ჩავიდა იდას მღვიმეში.
…εἶτ’ ἐν Κρήτῃ σὺν Ἐπιμενίδῃ κατῆλθεν εἰς τὸ Ἰδαῖον ἄντρον
(„შემდეგ პითაგორა კრეტას ეწვია და ეპიმენიდესთან ერთად ჩავიდა იდას მღვიმეში“).
იმავე მონაკვეთში ნახსენებია პითაგორას რამდენიმე სხვა „ჩასვლაც“ დახურულ, წმინდა სივრცეებში, რაც ხაზს უსვამს ანტიკურ ტრადიციაში პირადი გამოცდილების გზით მიღებულ ცოდნას.
იდას მღვიმე
იდას მღვიმე მდებარეობს კრეტზე, იდას მთის მასივში (ასევე ცნობილია, როგორც ფსილორიტისი) არსებულ პლატოზე. ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, სწორედ კრეტაზე, იდას მთაზე დაიბადა ზევსი, რომელიც დედამისმა, რეამ კრონოსისგან მღვიმეში გადამალა, სადაც მას ნიმფა მელისა ზრდიდა.
დღეს ეს ადგილი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ძეგლია. გათხრები აქ 1884 წლიდან მიმდინარეობს და აღმოჩენილია სხვადასხვა ეპოქის ნივთები, მათ შორის, მინოსის კულტურის პერიოდიდან, რაც მღვიმის მნიშვნელობაზე მიანიშნებს: სხვადასხვა ფიგურა, ჭურჭელი, ბრინჯაოს ფარები და სხვა საგნები.
„ეპიმენიდეს ძილის“ სიმბოლური მნიშვნელობა
თანამედროვე ინტერპრეტაციებში „ეპიმენიდეს ძილი“ მხოლოდ დროის პარადოქსზე არ მიანიშნებს. ეს არის დაფარული ცოდნის მიღების ალეგორია. მღვიმე აქ გვევლინება, როგორც საზღვარი გარესამყაროსა და შინაგან სამყაროს შორის, ხოლო მასში ჩასვლა – როგორც გამოცდა და გარდაქმნის პროცესი.
ძილი მღვიმეში მოიაზრება, როგორც ჩვეულებრივი ცხოვრებისგან განდგომა და შემდგომ დაბრუნება უკვე შეცვლილი მსოფლმხედველობით. სწორედ ამ კონტექსტში ეპიმენიდეს ამბავი რჩება ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ანტიკურ ლეგენდად დროის, მეხსიერებისა და საკრალური საიდუმლოს შესახებ.
ნინო ლურსმანაშვილი
p. s. მართალია ეპიმენიდე ისტორიული პიროვნება იყო, მას მითური საბურველიც ახლავს – ეპიმენიდეს შესახებ მითები და რეალობა ერთმანეთშია არეული. გადმოცემის თანახმად, მან 154, ზოგი ვერსიით, 299 წელს იცოცხლა.
ეპიმენიდეს შესახებ არსებობს, აგრეთვე, გადმოცემა, რომ დელფოს ორაკულის რჩევით, მან მკვლელობის მძიმე ცოდვისგან განწმინდა ათენელები, რომლებმაც კილონის ტირანიის დამყარების მცდელობის ჩაშლის შემდეგ, ძვ. წ. 636 ან 632 წელს, მისი მიმდევრები საკურთხევლებთან დახოცეს. ათენელებმა მას ამ მძიმე დაღისგან გათავისუფლების სანაცვლოდ დიდი ფულადი ჯილდო შესთავაზეს, თუმცა ეპიმენიდემ ფულის ნაცვლად ითხოვა, რომ მის მშობლიურ ქალაქ კნოსოსისთვის ათენს სამარადისო მეგობრობა შეეფიცა.
სიკვდილის შემდეგ ძველი ბერძნები მას პატივს მიაგებდნენ, როგორც ღმერთების რჩეულს და წინასწარმეტყველს. კრეტის დედაქალაქ ირაკლიონის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა ეპიმენიდეს სახელს ატარებს. სხვათა შორის, ეპიმენიდეს სახელი ჰქვია ერთ-ერთ დარტყმით მეტეორიტულ კრატერსაც მთვარეზე.



