ქართველთა ძლევამოსილი მეფე და წმინდანი – 8 თებერვალი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა
ბაგრატიონთა დინასტიის ყველაზე ძლევამოსილი მეფე დავით IV აღმაშენებელი (1073 – 1125), გიორგი II-ის ძე, 16 წლისა გამეფდა (1089 წ.). ამ დროს საქართველო თურქ-სელჩუკთაგან დარბეული და გაპარტახებული იყო, მოსახლეობა – მთებში გახიზნული და დამშეული…
თავისი მმართველობის 35 წლის განმავლობაში დავითმა საქართველო წინა აზიის უძლიერეს სახელმწიფოდ აქცია. მან შექმნა ძლიერი ჯარი, მოარჯულა ურჩი ფეოდალები, გაატარა რეფორმები სახელმწიფო მმართველობის განსამტკიცებლად, მათ შორის, საეკლესიო (საეკლესიო რეფორმის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო რუის-ურბნისის კრება); დაამარცხა მომხდურები, შემოიერთა კახეთი და ჰერეთი, გაათავისუფლა თბილისი (1122 წ.) და წერტილი დაუსვა თბილისის საამიროს არსებობას; დავითმა სატახტო ქალაქი ქუთაისიდან კვლავ თბილისში გადმოიტანა, რითაც VIII ს-ში დაწყებული ქვეყნის გაერთიანების პროცესი დაასრულა და თბილისი ერთიანი საქართველოს დედაქალაქად აქცია.
დავით IV-ის გადახდილი ბრძოლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია დიდგორის ბრძოლა 1121 წლის 12 აგვისტოს თბილისის მისადგომებთან, დიდგორის ველზე, როდესაც ქართველთა მცირერიცხოვანმა ლაშქარმა (დაახლ. 55 ათასი) თურქ-სელჩუკთა ურიცხვ კოალიციურ ლაშქარს (სხვადასხვა ცნობით – 300 000 ან 600 000) სძლია. ამ გამარჯვებას მემატიანე „ძლევაი საკვირველს“ უწოდებს.
დავით აღმაშენებლის დროს საქართველო ეკონომიკურადაც გაძლიერდა, განვითარდა ვაჭრობა და ხელოსნობა. მეფე მფარველობდა მეცნიერებს, ფილოსოფოსებს, პოეტებს, უცხოეთის ცნობილ სასწავლო ცენტრებში გზავნიდა ნიჭიერ ახალგაზრდებს ცოდნის მისაღებად.
დავითის თაოსნობით აიგო გელათის მონასტერი (1994 წლიდან იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია). ქუთაისიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 11 კმ-ის დაშორებით, მდინარე წყალწითელას ხეობაში მდებარე სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე პირველი ეკლესიის – ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის შენება 1106 წელს დაიწყო დავით მეფის ინიციატივით საგანგებოდ ხახულის სასწაულმოქმედი ხატისთვის. გადმოცემის თანახმად, დავითი პირადად მონაწილეობდა ეკლესიის ფუნდამენტის ჩაყრაში. მშენებლობა 1025 წლამდე გაგრძელდა, საბოლოო სახე კი 1130 წელს მიიღო მისი ძის, დემეტრე I-ის მეფობის დროს.
საუკუნეების განმავლობაში მონასტრის ტერიტორიაზე ახალი ეკლესიები შენდებოდა. გალავნით შემოზღუდულ სამონასტრო კომპლექსში შედის უფრო გვიანდელი, ძირითადად, XII-XIII სს-ის ნაგებობები, ეკლესიები, რომლებმაც ჩვენამდე პირვანდელი სახით მოაღწია.
გელათის მონასტერი მდიდარია XII-XVIII სს-ის ფრესკებით, ულამაზესი მხატვრობითა და მოზაიკებით. მათგან გამორჩეულია მთავარ ტაძარში უნიკალური ფრესკა დავით აღმაშენებლის გამოსახულებით, რომელსაც ერთ ხელში ეკლესიის მოდელი უჭირავს, მეორეში – გრაგნილი.

გელათი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრიც იყო. 1106 წელს დავით მეფემ აქ პირველი ქართული უნივერსიტეტი – გელათის აკადემია დააარსა. აკადემიაში მოღვაწეობდნენ ცნობილი ქართველი სწავლულები, მათ შორის, იოანე პეტრიწი და არსენ იყალთოელი (სწორედ არსენ იყალთოელია გელათში დავით აღმაშენებლის საფლავის ქვაზე ამოტვიფრული ეპიტაფიის ავტორი).
ქართველმა ხალხმა ძლევამოსილ მეფეს „აღმაშენებელი“ უწოდა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ (სავარაუდოდ, XVI საუკუნეში) იგი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 26 იანვარი (ახალი სტილით 8 თებერვალი) დააწესა, კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ I-ის ,,წყობილსიტყვაობაში“ მოცემული ინფორმაციის თანახმად. რა წყაროებს ეყრდნობოდა თავად ანტონ პირველი, უცნობია.
დავითის კალამს ეკუთვნის ქართული ჰიმნოგრაფიის ერთ-ერთი შედევრი, ორიგინალური პოეტური ნაწარმოები „გალობანი სინანულისანი“, რომელიც მან გარდაცვალებამდე (1125 წლის 24 იანვარი, ძვ. სტ.) ცოტა ხნით ადრე შექმნა. ნაწარმოები ნათელს ჰფენს, თუ რატომ დაიბარა ანდერძით დავით აღმაშენებელმა, გელათის მონასტრის კარიბჭეში დაეკრძალათ, რათა ყველა შემსვლელს მისთვის გულზე ფეხი დაებიჯებინა…
ნინო ხოშტარია
დაკავშირებულ თემაზე: დავით აღმაშენებელი VS პეტრე დიდი: საოცარი დამთხვევები ორი მეფის ცხოვრებაში



