2026 წლის ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად ფინალური საგზური მოიპოვა.
6 თებერვალს რიტმულ ცეკვაში დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა საქართველოს ნაკრებს 5 ქულა მოუტანა, ანასტასია გუბანოვამ – 6, ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა – 9 ქულა. 7 თებერვალს საქართველოს წარმომადგენლის, ნიკა ეგაძის მიერ მოკლე პროგრამის შესრულება ჟიურიმ 84.37 ქულით შეაფასა, რითაც ნიკა მე-6 ადგილზე გავიდა და გუნდს 5 ქულა შესძინა. საბოლოო ჯამში, 25 ქულით, საქართველოს ნაკრებმა 10 გუნდს შორის მეხუთე ადგილი დაიკავა და ისტორიაში პირველად ფინალის საგზური მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ნიკა ეგაძის გამოსვლამდე საქართველო 20 ქულით მეოთხე ადგილს იკავებდა და ერთი ქულით უსწრებდა კანადას (19 ქულა).
ფინალურ გუნდურ ასპარეზობაში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს ქვეყნებმა: აშშ (33 ქულა), იაპონია (32), იტალია (28 ქულა), კანადა (27), საქართველო (25).
გუნდურ ასპარეზობაში მედლებისთვის ბრძოლა თავისუფალი პროგრამით დაიწყო და საქართველოს სახელით პირველი დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი გამოვიდა. მათი გამოსვლა ჟიურიმ 117.82 ქულით შეაფასა. ამ მაჩვენებლით წყვილი კონკრეტულად მე-4 ადგილზე გავიდა, საქართველოს ნაკრებმა კი გუნდური 7 ქულა მიიღო.
გუნდური მედლებისთვის ბრძოლა 8 თებერვალს, თბილისის დროით 22:30 საათიდან გაგრძელდება (თავისუფალი პროგრამა) და 9 თებერვლის 02:00 საათისთვის (თბილისის დროით) ყველა პრიზიორი გამოვლინდება. საქართველოს სახელით მამაკაცთა შორის ნიკა ეგაძე იასპარეზებს, ქალთა შორის – ანასტასია გუბანოვა, ხოლო წყვილთა შორის – ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა.
საქართველოს მოციგურავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია ლეგენდარული რუსი მწვრთნელი ეთერ თუთბერიძე, სწორედ მისი ქალიშვილია დიანა დევისი, რომელიც ამ ოლიპიადაზე საქართველოს სახელით გამოდის (წყვილში, თავის მეუღლე გლებ სმოლკინთან ერთად).
წელს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს იტალია მასპინძლობს (ქალაქები – კორტინა-დ’ამპეცო და მილანი). ოლიმპიადა ოფიციალურად 6 თებერვალს გაიხსნა და ასპარეზობები 22 თებერვლამდე გაგრძელდება. გახსნის საზეიმო ცერემონია მილანში, „სან-სიროს“ ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართა. ცერემონიაზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები ფიგურული მოციგურავეები ლუკა ბერულავა და დიანა დევისი იყვნენ.
წლევანდელ ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით 8 სპორტსმენი გამოდის, რომლებიც ფიგურულ ციგურაობასა (6 სპორტსმენი) და სამთო-სათხილამურო სპორტში (2 სპორტსმენი – ნინო წიკლაური და ლუკა ბუჩუკური) ასპარეზობენ.
შეგახსენებთ, რომ ნიკა ეგაძემ იანვარში ინგლისის ქალაქ შეფილდში ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა, საქართველოსთვის ეს ერთეულთა შორის მამაკაცთა შორის ისტორიაში პირველი ოქროს მედალი იყო. ერთეულთა შორის ქალთა შორის ევროპის ჩემპიონის პირველი ოქროს მედალი საქართველოს 2023 წელს ანასტასია გუბანოვამ მოუტანა. შეფილდში ჩემპიონები გახდნენ, აგრეთვე, საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა (სპორტულ მოცეკვავეთა წყვილი). ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილზე ამყარებენ ქართველი სპორტის მოყვარულები და სპეციალისტები იმედებს, რომ მათ აქვს შესაძლებლობა, საქართველოს ზამთრის ოლიმპიადაზე ისტორიაში პირველი ოქროს მედალი მოუტანონ.
ნუცა ყაველაშვილი



