ქართველები უცხოეთშიინტერვიუ

ირლანდიაში მცხოვრები ოჯახი, რომელსაც ფესტივალებზე იწვევენ და ჯგუფი „ძმები საქართველოდან”

„სრულყოფილი ბედნიერება შემიძლია მაშინ შევიგრძნო, როცა სხვას ვაბედნიერებ, ამიტომ მათ გამო არასდროს ვამბობ სიტყვას დავიღალე“ – ეს მაკა ნიჟარაძის სიტყვებია, ქალბატონის, რომელსაც შორეულ ირლანდიაში არა მარტო ქართული, საქველმოქმედო  საქმეებითაც იცნობენ. ის ოჯახთან ერთად ირლანდიის ქალაქ კარიკ-ონ-შურში ცხოვრობს.

იგი უცხო ქვეყანაში აქტიურადაა ჩაბმული იქ მცხოვრები ქართველების კულტურულ ცხოვრებაში, სხვადასხვა ფესტივალზე კი ირლანდიელებს საქართველოს კულტურასა და ტრადიციებს აცნობს. ამაყობს იმით, რომ საკუთარი შვილები უცხოეთში ეროვნულ ფასეულობებზე აღზარდა. ამის დასტურად თუნდაც ის ფაქტი გამოდგება, რომ ქალბატონი მაკას უფროსი შვილი, რომელიც ფანდურზე უკრავს, ძმასთან ერთად გამოდის მუსიკალურ ჯგუფში „ძმები საქართველოდან“. მათ რეპერტუარში მხოლოდ ქართული სიმღერებია. ბიჭები სხვადასხვა ფესტივალზე გამოდიან და ქართული მუსიკით არა მხოლოდ თანატოლების ყურადღებას იქცევენ, არამედ ყველა ასაკის მუსიკის მოყვარულის მოწონებასაც იმსახურებენ. ირლანდიელებმა ამ ქართულ ოჯახზე ადგილობრივ პრესაშიც დაწერეს და ფილმიც გადაიღეს…
სტატია მაკა ნიჟარაძეზე ირლანდიურ გაზეთში
ქალბატონო მაკა, რა გზა გაიარეთ მაკა ფირცხალავადან – მაკა ფეერიულნუსამდე?

ფეერიულნუსი ჩემი ფსევდომინია, ის ზუსტად ასახავს ჩემს შინაგან სამყაროს და თუ რას ნიშნავს, ამას საიდუმლოდ დავტოვებ. ფირცხალავა ჩემი ქალიშვილობის გვარია, მაგრამ ამჟამად ყოფილი მეუღლის გვარი მაქვს და ირლანდიური საზოგადოება მაკა ნიჟარაძედ მიცნობს.

ბავშვობა აფხაზეთში გავატარე, შემდეგ დაწყებული და მარცხით დამთავრებული ომი, თითქოს ჩემი ბავშვობის დასასრულიც იყო, რადგან დიდი დროის განმავლობაში მშვიდი და მზიანი დღეების ნაკლებობას განვიცდიდი. შემდეგი ცხოვრება სირთულეებით სავსე იყო. მე მაინც ვიმედოვნებდი, რომ მალე შიშისგან თავისუფალი ცხოვრება დადგებოდა, მაგრამ სწორედ ამ დროს გარდამეცვალა ბიძა, რომელიც მნიშვნელოვანი ადამიანი იყო არა მარტო ჩემთვის, ყველასთვის, ვინც გარშემო მყავდა. მაშინ მივხვდი, რომ მასთან ერთად ბედნიერი ოჯახიც დავკარგე, თუმცა ხელები მაინც არ დავუშვი და ცხოვრების ტალღებში წინ მივიწევდი, რადგან ვხვდებოდი, რომ სიცოცხლის გასაგრძელებლად დიდი ძალისხმევა იყო საჭირო. მივხვდი იმასაც, რომ დავრჩი ბავშვი – ბავშვობის გარეშე.

ირლანდიაში გამგზავრებამდე თბილისში ცხოვრობდით…

თბილისში ჩვენი ცხოვრება იმდენად სასიამოვნო იყო, გამიჭირდა იმის წარმოდგენა, რომ უნდა დავმშვიდობებოდით: საყვარელ მე-11 სკოლას, ანსამბლ „ჩოხოსნებს“, თეატრს, პედაგოგებს, მანანა ბარდაველიძეს და ნინო რაზმაძეს, რომლებიც მთელი გულით იყვნენ ჩართული ბავშვების აღზრდა-განათლებაში. ეს მათი დამსახურებით იყო, რომ ჩემი შვილები ბევრი დიპლომის, სიგელისა და ბოლოს, ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ. იმაზე ფიქრი, თუ როგორ დაგვაკლდებოდა ეს ურთიერთობები, რა თქმა უნდა, ჩვენთვის სირთულეს წარმოადგენდა, მაგრამ ამაზე რთული იქ დარჩენა და ცხოვრების ძველ რიტმში გაგრძელება აღმოჩნდა…

რადგან ასე კარგად იცით დახმარებისა და გვერდში დგომის ფასი, ეს ხომ არ გახდა იმის სტიმული, რომ ირლანდიაში ჩასვლის შემდგომ ოჯახთან ერთად თავად ეხმარებით ქართველებს?

მათ არა, ამით უფრო საკუთარ თავს ვეხმარები, რათა მეტი სიმშვიდე და ბედნიერი დღე მოვიპოვო. ადამიანებზე ზრუნვა, მათი პრობლემების საკუთარივით აღქმა და გამოსავლის პოვნა – ჩემთვის მართლმადიდებლური ვალდებულებაა. მე რომ მხოლოდ საკუთარ შვილებზე  ვზრუნავდე, მათი ცხოვრება ხელოვნურ ყვავილს დაემსგავსება, უბრალოდ, ვიზუალური სილამაზით შემოიფარგლება და დროთა განმავლობაში გაუფასურდება. სხვებზე ზრუნვით ჩემი შვილების სულიერ აღზრდაზეც ვზრუნავ. არ მინდა ვიყო უნაყოფო ხე, რომლის ფესვები მხოლოდ საკუთარ ტოტზე გამოსხმულ ფოთლებს ასაზრდოებს. ჩემთვის მთავარია მადლიერება, რადგან ეს გრძნობა თავადაც მავსებს, უმადურობის დროს კი ვდარდიანობ, რადგან ეს გრძნობა უფალს კარს უხურავს.

ვიცი, რომ ირლანდიაში ქართული კულტურასა და სამზარეულოს უწევთ პოპულარიზაციას…

პირველი შემოთავაზება მივიღეთ ფესტივალიდან SHAIRING OF CULTURES – Food, Music, Sport, Dance, Poetry, Language. იქ წარდგენილმა ჩვენმა პრეზენტაციამ ყველას მოწონება და აღფრთოვანება დაიმსახურა. მას შემდეგ ჩვენ გარეშე არცერთი ფესტივალი არ ჩატარებულა.ირლანდიელებისთვის მეტად მნიშვნელოვანია ღონისძიება Clancy Brothers Music & Arts Festival. ამ ფესტივალში ჩვენი აქტიურად  ჩართულობის გამო, ბევრი მადლობის წერილი და სერტიფიკატი მივიღეთ. სხვათა შორის, ამის შესახებ ირლანდიური პრესაც (WRAP UP IN CULTURE, Entertainment and Liestyle, INTERNATIONAL WOMEN’S DAY SHOWCASE და მრავალი სხვა.) წერდა. ჩვენს ასეთ კეთილგანწყობილ ურთიერთობასა და საქველმოქმედო საქმიანობაზე ირლანდიელებმა მოკლემეტრაჟიანი ფილმიც გადაიღეს.https://youtu.be/J97_cATZ6jg

ვიცი, რომ ირლანდიიდან საქართველოში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახებსაც ეხმარებით…

ვცდილობ და მაქსიმუმს ვაკეთებ მათთვის, ვისაც დახმარება სჭირდება. სამწუხაროდ, არასწორი და ცრუ ინფორმაციის გამო ისეთები, ვისაც დახმარება ნამდვილად სჭირდება, ჩრდილში დგანან ხოლმე. როცა ფიზიკურად ვერ ვახერხებდი, მცირედით მაინც შემემსუბუქებინა ასეთების მდგომარეობა, მაშინ სანთელს ვანთებ ხოლმე მათთვის და უფალს მათ დახმარებას ვთხოვ. მწამს, რომ ლოცვა უპირველესია, რადგან მის გარეშე შეუძლებელია მადლმოსილი საქმის შესრულება.

შორეულ ირლანდიაში შვილებს ქართულად ზრდით და მათ ქართულ ლიტერატურას აზიარებთ…

დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მხოლოდ საუბრებით ბავშვებთან ვერაფერს გავხდებით. მათთვის აუცილებელია სწორად შერჩეული გარემო, ატმოსფერო, რომელსაც შევუქმნით. მე რომ ვთხოვო ან ვაიძულო ბავშვები – სიყვარული რუსთაველისგან ისწავლონ, სამყარო ვაჟასეულად აღიქვან, სამშობლო დაიცვან დავითის მსგავსად, შუბლის ძარღვზე იფიქრონ, როგორც დუმბაძე გვასწავლის და ამ დროს, მხოლოდ დაკავებული ვიყო სოცქსელებით და მაინტერესებდეს ბრენდული სამოსი ან აქსესუარები, ისინი ძალაუნებურად, მომბაძავენ და მათთვის ნაკლებ მნიშვნელოვანი იქნება ყოველივე, რაც სულიერი აღზრდა-განათლებისთვის მნიშვნელოვანია. მადლობა ღმერთს, შემწევს იმის ძალა, რომ ბავშვები აღვზარდო ისე, რომ მარტო საკუთარ მომავალზე კი არ იფიქრონ, არამედ ყველაფერი ღმერთის სიყვარულით აკეთონ…

თქვენმა შვილებმა რით მიიქციეს ირლანდიელების ყურადღება?

ჩემი უფროსი შვილი ადგილობრივ თეატრში მოღვაწეობს. თემოს თეატრი ძალიან უყვარს და მას ადგილობრივი თეატრის ორი სიგელი გადაეცა. ჩემი შვიდი წლის შვილის, დავითის ნახატმა პანდემიის დროს გაიმარჯვა. მას დავალებად ჰქონდა, გამოესახა, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ COVID-19-ს. დავითმა დახატა დედამიწა და მის ირგვლივ ხელიხელჩაკიდებული ბავშვები, ნახატს კი მიაწერა: „გავერთიანდეთ და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“. რამდენიმე დღის შემდეგ სკოლის დირექტორმა ამ  ნახატის გამოფენის ნებართვა მთხოვა. დავითმა სკოლისგან მიიღო მადლობის წერილი და მისი ნახატი სკოლის კულტურული განყოფილების კედელზე დღემდეა გამოფენილი.

ამ საქმეში მარტო არ ხართ, ვინ არიან ის ქართველები, რომლებიც ირლანდიაში მცხოვრებ ჩვენიანებს პატარა საქართველოს უქმნიან?

დიახ, გარშემო მყავს ადამიანები, რომლებსაც ფასდაუდებელი ამაგი აქვთ ჩემს შვილებზე და აქ მცხოვრებ პატარა ქართველებზე. დიდ როლს ასრულებს ამ საქმეში ქალბატონი თამარ ჟორდანია, რომელიც მიუხედავად დატვირთული და აქტიური ცხოვრებისა, ირლანდიაში მყოფ ქართველებს გვეხმარება ქართული ხელოვნებისა და კულტურის უკეთ გაგებასა და ათვისებაში. რასაც ქალბატონი თამარი აკეთებს ჩვენთვის და ბავშვებისთვის, სამაგალითოა. ხელოვნება სულიერების ნაწილია, ის სასარგებლო და საჭირო ინფორმაციას აწვდის ბავშვებს და, ამდენად, მათ სწორად განვითარებაში ეხმარება. მინდა ვახსენო დუბლინში არსებული ქართული საკვირაო სკოლა „ლამპარის“ დამაარსებელი ქალბატონი ანელი აწკარუნაშვილი და მისი ამაგი ქართველი ბავშვების სულიერ განვითარების საქმეში. „ლამპარის“ სხვა პედაგოგებთან ერთად ემიგრანტი ბავშვების აღზრდა-განათლებაში აქტიურადაა ჩართული ქალბატონი ეკა ფეიქრიშვილი.

თუ იცით, რა სჭირდება ადამიანს სრული ბედნიერებისთვის?

თქვენს ამ კითხვაზე გამეღიმა და დადებითი ემოციით ავივსე…  ბედნიერება დამოკიდებულია ადამიანის შინაგან მდგომარეობაზე, ადამიანს უნდა ჰქონდეს აწმყოს სწორად შეფასების უნარი, რადგან ბედნიერება არ გააფერმკრთალოს. ბედნიერად ყოფნის მეცნიერება არ არის რთული, ამისთვის უნდა ვიცოდეთ ჩვენი მოვალეობები და  უშიშრად და იმედიანად შევხვდეთ ცხოვრების ყოველ ახალ გამოწვევას. ადამიანი კეთილზნეობრივი უნდა იყოს, რათა ბედნიერად ყოფნა შეძლოს. თუკი გსურთ ბედნიერება, გულწრფელად გიყვარდეთ ადამიანში ღმერთი, და თუ ასე იქნება, მაშინ შური, ბოროტება, ეგოიზმი და სულის მომაკვდინებელი სხვა გრძნობები ვერ მოახერხებს, ჩაკლას თქვენში ბედნიერების სხივი, თქვენ კი შეძლებთ ასხივებდეთ ბედნიერებას…

თეონა გოგნიაშვილი

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close