ვიდეომოგზაურობაიტალია

იტალია ციცის ობიექტივში: ბოლონია (ფოტო, ვიდეო)

ეპიდემიის გამო დაწესებული კარანტინის და შეზღუდვების მოხსნის შემდეგ იტალიაში აქტიური მოგზაურობა დავიწყეთ. ყოველ ვიქენდზე ახალ ადგილს ვსტუმრობთ, მეტწილად, ან მატეოს (ჩემი პარტნიორის) მეგობარს ვეწვევით ხოლმე, ან ადგილის კარგად გასაცნობად წიგნს ვყიდულობთ, რათა მოგზაურობა მხოლოდ სელფის გადაღებით და „სთორის“ დადებით არ დასრულდეს. ვაკვირდებით ხალხს, მათ კულტურას და ტრადიციებს, ვეცნობით ადგილებს და მათ ისტორიას.

პირველი მოგზაურობები მილანიდან ლომბარდიის ფარგლებში მოვაწყვეთ, ხოლო როდესაც 3 ივნისიდან რეგიონული საზღვრები გაიხსნა, ლომბარდიასაც გავცდით…

ბოლონია გამორჩეული ქალაქია, ახალგაზრდული – მარტო ბოლონიის უნივერსიტეტში 90 ათასამდე სტუდენტი სწავლობს. ივნისის ერთ შაბათ-კვირას სწორედ ბოლონიისკენ ავიღეთ გეზი. მატეომ გზაში ქალაქის ორი ტიპური სახასიათო დეტალი გამიზიარა:

– აბა, გამოიცანი: წვიმის მიუხედავად შეგიძლია თავისუფლად გახვიდე საშოპინგოდ თუ ბარ-რესტორანში. როგორ?

– ქოლგებია გაკიდული?

– არა… ნახავ და მიხვდები.

მთელი ქალაქის შენობების უმეტესობას არკადები (თაღედი, თაღოვანი გალერეა) აქვს, შესაბამისად, წვიმიან ამინდში სულაც არ გჭირდებათ ქოლგა. დღისით ქუჩაში ჩვეული მოძრაობაა, ასაკოვანი ხალხი ჭარბობს, მაგრამ როგორც კი დაბინდდება, ბოლონია სულ სხვა სახით წარმოჩინდება…

– რატომ ეძახიან გარყვნილების ქალაქს?

– ადვილად გამოსაცნობია, ყველა კუთხეში გხვდება დახატული სასქესო ორგანოები.

სცენა, რომელიც მილანში არ მინახავს: ახალგაზრდები ექსცენტრულად, „ბომჟურად“ ჩაცმულები, ისტორიული ცენტრის მოედანზე გაფანტულად სხედან და ეწევიან, სვამენ, მღერიან… ხანდახან ზოგიერთი ისეთ მდგომარეობაში ვარდება ზედმეტი დოზისგან, რომ გონებას კარგავს. ასეთ შემთხვევაში  სასწრაფო დახმარება ადგილზეა, რომ იგი ტერიტორიას გაარიდოს და გონზე მოიყვანოს. საღამოს ისტორიულ ცენტრში 5 წუთის მისულები არ ვიყავით, რომ სწორედ ასეთ ფაქტს შევესწარით. არავითარი პანიკა – ადამიანები სრულიად მშვიდად უყურებდნენ უკვე ჩვეულ სურათს:

ბოლონია ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია გემრიელი ტრადიციული კერძების მისართმევად: ტორტელინი ბორდოში, ლაზანია და ყველის საოცარი სახეობები… ორ დღეზე მეტხანს თუ გაჩერდი ქალაქში და გემრიელი კერძების ცდუნებას ვერ გაუძელი, ნამდვილად წონის პრობლემები შეგექმნება…

ბოლონია – სტუდენტების, მეცნიერების, კულინარების, კოშკებისა და არკადებიანი შენობების ქალაქია. ის ქვეყნის ერთ-ერთი ინტელექტუალური ცენტრია. იტალიის ჩრდილოეთით მდებარე, ემილია რომანიის რეგიონის უდიდესი ქალაქი, ამავე სახელწოდების პროვინციის დედაქალაქი, კარგი ადგილმდებარეობისა და განვითარებული მრეწველობის წყალობით, ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია იტალიაში და ცხოვრების მაღალი დონით გამოირჩევა.

ქუჩის მხატვრობა ძალიან შთამბეჭდავია.

მეცნიერების თქმით, ბოლონია ეტრუსკებმა დააარსეს ჩვენს ერამდე დაახლოებით 510 წელს. მაშინ ქალაქს ფელსინა ერქვა. ძვ. წ. მე-4 საუკუნეში ქალაქი კელტებმა დაიპყრეს და სახელი შეუცვალეს – ბოლონია დაარქვეს.

მეორე საუკუნეში კი ბოლონია რომის იმპერიის კოლონია გახდა და რომის იმპერიის გაძლიერებასთან ერთად ერთ-ერთ ყველაზე დიდ და მდიდარ ქალაქად იქცა: აიგო ლამაზი შენობები და ძეგლები, რომლებიც დღეს, სამწუხაროდ, აღარ არსებობს.

მე-11 საუკუნეში, 1088 წელს ბოლონიაში უნივერსიტეტი დაარსდა, რომელიც ევროპაში ყველაზე ძველია.

ისტორიული ცენტრის არქიტექტურა XIII-XIV საუკუნეებს განეკუთვნება.

მე-17 საუკუნიდან ქალაქი მთელი ევროპის ინტელექტუალური ცენტრი ხდება. იქ ჩადიან ცნობილი მეცნიერები; ბოლონიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები მნიშვნელოვან აღმოჩენებს აკეთებენ.

ბოლონიის უნივერსიტეტში სწავლობდნენ დანტე ალიგიერი, ფრანჩესკო პეტრარკა, გვინიცელი, ნიკოლაი კოპერნიკი… აქ ატარებდნენ ცდებს გალვანი, ალესანდრო ვოლტა…

1860 წელს ბოლონია, მთელ რომანიასთან ერთად, იტალიის სამეფოს შეუერთდა.

ბოლონიის უნივერსიტეტში ამჟამად, მარტიდან  მოყოლებული, სწავლა შეჩერებულია კორონავირუსის პანდემიის გამო – უფრო სწორად, უნივერსიტეტი დისტანციურ სწავლებაზეა გადასული.

ციცი ხაბელაშვილი

ავტორის ვიდეო და ფოტოები

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close