რა ეღირება PCR ტესტირება იმ ადამიანისთვის, რომელსაც საქართველოში შემოსვლისას შემოწმება საკუთარი ხარჯით მოუწევს
COVID-19-ის გამოსავლენად განკუთვნილი PCR ტესტის ღირებულება 150-250 ლარს შეადგენს, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.
„ტარიფი, რომლსაც დღეს სახელმწიფო PCR ტესტირებისთვის უხდის ლაბორატორიებს, გახლავთ 150 ლარი. მოგეხსენებათ, დღეს სახელმწიფო პროგრამით ეს ადამიანებისთვის უფასოა, მათ შორის, კარანტინში მყოფებისთვის, მძღოლებისთვის, ყველა კონტაქტირებულისთვის, ექიმებისა და ყველა იმ ჯგუფისთვის, რომელიც მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება, სახელმწიფოს ტარიფი გახლავთ 150 ლარი, მაგრამ თუ ჩვენ ცენტრალიზებულად ნაყიდ რეაგენტებს ვაწვდით ლაბორატორიას, მაშინ მომსახურების ფასი არის 50 ლარი. ამაში არ შედის ე.წ. ნაცხის აღების ფასი, ასევე თუ სახლში მიდიან და უღებენ. ამიტომ ამ პრივატული ლაბორატორიების ფასი 150-იდან 250 ლარამდე განისაზღვრება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რომელიც დღეს, 8 ივლისს გახდა ცნობილი, უცხო ქვეყნიდან საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსული ყველა მოქალაქისთვის სავალდებულოა 14-დღიანი კარანტინის გავლა საკუთარი სახსრებით ან ყოველ 72 საათში COVID-19-ზე PCR ტესტის ასევე საკუთარი ხარჯით ჩატარება.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები