საბერძნეთი: ΑΜΚΑ-ს და ΑΦΜ-ს პირადი ნომერი შეცვლის – ვის დასჭირდება პირადი ნომრის აღება და ვის არა?
2022 წლისთვის იგეგმება საბერძნეთში არსებული სხვდასხვა სახის სარეგისტრაციო ნომრების ერთ, ე.წ. პირად ნომრად Προσωπικός Αριθμός გარდაქმნა. კერძოდ, საუბარია საგადასახადო ნომრის ΑΦΜ და სოციალური დაზღვევის ნომრის ΑΜΚΑ გაერთიანებაზე. რეფორმის მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ შემცირდეს ბიუროკრატია და ელექტრონული მართვის სისტემა კიდევ უფრო დახვეწილი გახდეს.
იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც ამ დროისთვის გვაქვს, ადამიანებს, რომლებსაც უკვე აქვთ ΑΦΜ, აღარ დასჭირდებათ პირადი ნომრის აღება და მათ პირად ნომრად ΑΦΜ ჩაითვლება. ხოლო მათ, ვისაც აქვთ ΑΜΚΑ, მაგრამ არა აქვთ ΑΦΜ, დასჭირდებათ, რომ პირადი ნომერი აიღონ. იმ ადამიანების შემთხვევაში კი, რომლებსაც ΑΦΜ-ც აქვთ და ΑΜΚΑ-ც, უპირატესობა მიენიჭება ΑΦΜ-ს და მათ პირად ნომრად ჩაითვლება ΑΦΜ.
ზოგადად, ΑΦΜ-ს და ΑΜΚΑ-ს შორის ΑΦΜ-სთვის უპირატესობის მინიჭება იმით აიხსნება, რომ ΑΜΚΑ ადამიანის უფლებების და პირადი მონაცემების დაცვის თვალსაზრისით პრობლემურად ითვლება, რადგან მისი პირველი 6 ციფრი მფლობელის დაბადების თარიღისგან შედგება. დაბადების თარიღი არის პირადი ინფორმაცია და ყოველთვის, როცა ადამიანს მისი საჯაროდ თქმა უწევს, მაგ., საავადმყოფოში, ძალაუნებურად უხდება თავისი დაბადების თარიღის საჯაროდ გათქმა. პირადი ნომრის გამოყენება მოხდება ბევრად უფრო მეტ შემთხვევაში, ვიდრე დღეს ΑΦΜ-ს ან ΑΜΚΑ-ს ვიყენებთ, შესაბამისად, სახელმწიფოს არჩევანი, უპირატესობა მიენიჭოს უფრო ნეიტრალურ ნომერს – ΑΦΜ-ს, გასაგებია.
პირადი ნომერი ასევე დატანილი იქნება პირადობის მოწმობებზე. ახალ პირადობის მოწმობებზე პირადი ნომრის გარდა სხვა ნომერი აღარ იარსებებს. ეს იმას ნიშნავს, რომ პირადობის მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში ადამიანს აღარ დასჭირდება ახალი პირადობის მოწმობის ახალი ნომრის გაცხადება სხვადასხვა უწყებაში, რადგან ახალი პირადობის მოწმობის ნომერიც იგივე იქნება, რაც ძველის. ეს თავისთავად ნიშნავს ბიუროკრატიის კიდევ უფრო შემცირებას.
ადვოკატ პაატა სიმსივეს შეგძლიათ დაუკავშირდეთ ფეისბუქგვერდზე: https://www.facebook.com/simsive.paata
კომენტარები