fbpx
კრიმინალიმსოფლიო

13 წლის წინ პორტუგალიაში გაუჩინარებული 3 წლის ბავშვის საქმეში ახალი ეჭვმიტანილი გამოიკვეთა (ვიდეო)

13 წლის წინ პორტუგალიაში გაუჩინარებული 3 წლის გოგონას, მადელინ მაკკენის საქმე ხელახლა გაიხსნა. ეჭვმიტანილი ამჯერად 43 წლის გერმანელი კაცია, რომელიც ბავშვის გაუჩინარების დროს პორტუგალიაში მოგზაურობდა, ამჟამად კი გერმანიის ციხეში ზის.

პოლიცია მისი ორი ავტომობილის შესახებ ინფორმაციას იძიებს. მათი თქმით, კაცი იმ რეგიონში იმყოფებოდა, საიდანაც ბავშვი გაუჩინარდა, მისი დაკარგვის მეორე დღეს კი „იაგუარის“ მარკის საკუთარი ავტომობილი სხვის სახელზე გააფორმა.

მადელინ მაკკენი პორტუგალიის ერთ-ერთ კურორტზე მშობლებთან ერთად ისვენებდა. 2007 წელის 3 მაისს, როდესაც მშობლები ახლომდებარე ბარში იმყოფებოდნენ, ბავშვი გაუჩინარდა.

პოლიციას წლების განმავლობაში საქმეში რამდენიმე ეჭვმიტანილი ჰყავდა, მათ შორის, ბავშვის მშობლებიც. თავდაპირველად მადელინს პორტუგალიის პოლიცია ეძებდა, 2011 წლიდან კი ხელახალი გამოძიება დაიწყო დიდი ბრიტანეთის პოლიციამ. გამოძიების ხარჯებმა 2011 წლის შემდეგ 11 მილიონ ფუნტს მიაღწია. ამჟამად გამოძიებაში ჩართულია გერმანიის პოლიციაც, რადგან ეჭვმიტანილი მათ ჰყავთ დაკავებული.

წინა გამოძიებებისაგან განსხვავებით, რომლებსაც დაკარგული პირის ძებნის კლასიფიკაცია ჰქონდათ, გერმანიის მიერ დაწყებული გამოძიება მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ეჭვმიტანილ კაცი არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის ბრალდებით ორჯერ არის გასამართლებული. პოლიციის ცნობით, ეს პირი იმ 600 ეჭვმიტანილს შორის იყო, რომელთა კავშირს ბავშვის დაკარგვასთან პოლიცია თავდაპირველად იძიებდა, თუმცა 2017 წლამდე არ არსებობდა ინფორმაცია, რაც მის ბრალეულობაზე მიუთითებდა.

პოლიცია მოუწოდებს ნებისმიერ პირს, ვისაც ეჭვმიტანილთან კონტაქტი ჰქონდა და საქმეზე რაიმე ინფორმაცია აქვს, მათ მიმართონ.

მადელინ მაკკენის ოჯახი გამოძიების განახლებას მიესალმება: „ერთადერთი, რაც გვსურდა, იყო ჩვენი შვილის პოვნა, სიმართლის გაგება და დამნაშავეთა დასჯა. არასოდეს დავკარგავთ იმედს, რომ მადელინს ცოცხალს ვიპოვით“, – ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2018 წელს ბრიტანეთის პოლიციას გამოძიების გასაგრძელებლად დამატებით 150 000 ფუნტი გამოეყო. 2019 წელს ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ გამოძიებას მხოლოდ 2020 წლის მარტამდე დააფინანსებდა. ამავე წელს Netflix-მა გამოუშვა 8 ნაწილისგან შემდგარი დოკუმენტური ფილმი მადელინის გაუჩინარებაზე.

tabula.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close