რატომ აღიზიანებს ქ-ნ თამარ ჟამურაშვილს საქართველოს წარმატება COVID-19-თან ბრძოლაში
პროფესორ თენგიზ ცერცვაძის პასუხი გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმის კრიტიკაზე
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც იგი გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმის, თამარ ჟამურაშვილის კრიტიკას პასუხობს.
განცხადებას nostal.ge უცვლელად გთავაზობთ:
„ა.წ. 22 მაისს რადიო თავისუფლებამ გამოაქვეყნა ინტერვიუ გერმანიაში მომუშავე ქართველ ექიმთან ქ-ნ თამარ ჟამურაშვილთან. ინტერვიუს წამძღვარებული აქვს წინასიტყვაობა, რომ „თამარი გერმანიის გარდა საქართველოზეც ფიქრობს და ამბობს, რომ დრო, როცა მთელი ქვეყნის მოსახლეობა რეკომენდაციებს ასრულებდა და სახლში რჩებოდა, საქართველოს სამედიცინო სექტორის გასაძლიერებლად არ ყოფილა გამოყენებული და თუ შემოდგომისთვის მაინც არ დავიჭერთ თადარიგს, მეორე ჯერზეც გამართლების იმედად მოგვიწევს ყოფნა“ .
რატომღაც, სამწუხაროდ, შეიმჩნევა ერთი ტენდენცია. უცხოეთში სამუშაოდ წასული ქართველი ექიმების ნაწილი, საბედნიეროდ მხოლოდ ერთი ნაწილი, ცდილობს დააკნინოს და ნეგატიურ ჭრილში წარმოაჩინოს ქართული მედიცინა და მისი მიღწევები. არადა, ეს ყოველთვის სამართლიანი არ არის. მართალია, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების უმრავლესობა საქართველოზე ეკონომიკურად ბევრად უფრო ძლიერია და ბევრად უფრო ძლიერი და გამართული ჯანდაცვის სისტემაც აქვთ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ქართულ მედიცინაში არაფერი ღირებული არ არის, მაღალი დონის სპეციალისტები არა გვყავს და ა.შ. არაიშვიათად უცხოეთში სამუშაოდ წასული ექიმები, სულაც არ გამოირჩევიან მაღალი დონით და თავიანთი ცოდნით და პროფესიონალიზმით არაფრით სჯობიან ქართველ კოლეგებს.
ვფიქრობთ, ქ-ნი თამარი, ბ-ნი იაგო ფრანგიშვილის და სხვა მსგავსი ექსპონატებისაგან განსხვავებით, ნამდვილად კარგი პროფესიონალია. იგი კარგად აღწერს გერმანიის ჯანდაცვის სისტემის COVID-19-თან საპასუხო ღონისძიებების მაღალ დონეს და ეფექტიანობას და ასევე ობიექტურად აფასებს და კარგ შეფასებას აძლევს საქართველოს ეპიდსაწინააღმდეგო სამსახურის მუშაობას, მაგრამ ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო უკიდურესად ნეგატიურად და თან ყოველგვარი არგუმენტების გარეშე აფასებს საქართველოს ჰოსპიტალურ სექტორს და უაპელაციოდ ამბობს, „გაგვიმართლა, ძალიან გაგვიმართლა, რომ ასეთი ცოტა რაოდენობის კრიტიკული შემთხვევები გვქონდა“, თორემ შავ დღეში აღმოვჩნდებოდითო. ქ-ნი თამარი ხაზს უსვამს აგრეთვე საქართველოში მედპერსონალის ინფიცირების დიდ რაოდენობას, რასაც ასევე ჰოსპიტალური სექტორის მომზადების დაბალი დონით ხსნის.
მე მინდა შევახსენო ქ-ნ თამარს ზოგიერთი ციფრები:
გერმანიას, რომელიც მართლაც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად ითვლება ევროპაში COVID-19-თან ბრძოლის საქმეში, სადღეისოდ ჰყავს 183 294 COVID-19-ით ავადმყოფი და 8 600 გარდაცვლილი, რაც დადასტურებული შემთხვევების 4,69%-ს შეადგენს. საქართველოს ჰყავს 783 ავადმყოფი და მხოლოდ 12 (თორმეტი) გარდაცვლილი, რაც დადასტურებული შემთხვევების 1,53%-ს შეადგენს. თუ ამ ციფრებს გადავიანგარიშებთ ერთ მილიონ მოსახლეზე, მივიღებთ, რომ გერმანიას ჰყავს 2 208 COVID-19-ით ავადმყოფი და – 104 გარდაცვლილი, ხოლო საქართველოს ჰყავს 196 COVID-19-ით ავადმყოფი (11-ჯერ ნაკლები, ვიდრე გერმანიას) და მხოლოდ 3 გარდაცვლილი (34-ჯერ ნაკლები, ვიდრე გერმანიას). სხვანაირად რომ ვთქვათ, საქართველოზე შეუდარებლად უფრო ძლიერ გერმანიას რეალურად ერთ მილიონ მოსახლეზე საქართველოზე 11-ჯერ მეტი COVID-19-ით ავადმყოფი და 34-ჯერ მეტი გარდაცვლილი ჰყავს. აღარაფერს ვამბობ ევროპის იმ ქვეყნებზე (ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და სხვ.), სადაც გარდაცვლილთა რიცხვი 10-დან 19%-მდეა.
რაც შეეხება ინფიცირებულ მედპერსონალს, საქართველოს მართლაც ჰყავს 96 COVID-19-ით ინფიცირებული სამედიცინო მუშაკი (ერთ მილიონ მოსახლეზე 24). მაშინ, როცა გერმანიას 10 000-ზე მეტი ინფიცირებული სამედიცინო მუშაკი ჰყავს (ერთ მილიონ მოსახლეზე 120-ზე მეტი). ანუ, საქართველოზე სულ ცოტა 5-ჯერ მეტი. ეს მაშინ, როდესაც გერმანიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა შეუდარებლად უფრო ძლიერია. აი, ამას ჰქვია, რომ „კაცი საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავს და სხვის თვალში კი ბეწვსაც ამჩნევსო“. გერმანიასთან შედარებას რომ თავი დავანებოთ, ჯანმო-ს მონაცემებით მსოფლიოში მედპერსონალზე მოდის COVID-19-ის ყველა დადასტურებული შემთხვევის დააახლოებით 20%. მაშინ, როდესაც საქართველოში ინფიცირებული სამედიცინო მუშაკები დადასტურებული შემთხვევების მხოლოდ 12,6%-ს შეადგენს.
აი ასეთია ობიექტური რეალობა და თუ ქ-ნ თამარს მართლა სჯერა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ გამართლების და თან ძალიან გამართლების შედეგია, მისი ნებაა, „ნეტარ არიან მორწმუნენი“.
რაც შეხება ავადმყოფების სიმძიმეს – საქართველოში 783 დადასტურებული შემთხვევიდან 101 ავადმყოფი იყო მძიმე, ხოლო 39 ავადმყოფი – კრიტიკულად მძიმე და მათგან მხოლოდ 12 გარდაიცვალა. ამასთან, მათ რიცხვში შედის ის ავადმყოფებიც, რომლებსაც COVID-19 ჰქონდათ, მაგრამ რეალურად სხვა თანმხლები დაავადებისგან (მაგ., ინსულტისგან) გარდაიცვალნენ, ხოლო 2 ავადმყოფი გარდაცვალებისას სულაც უკვე ვირუსნეგატიურები იყვნენ და მაინც COVID-19-ისგან გარდაცვალებულად ჩაითვალნენ. ანუ, საქართველო ზეპატიოსნად ითვლის COVID-19-ისგან გარდაცვალებულ პირებს, მაშინ როდესაც ყველა ქვეყანა ასე სულაც არ იქცევა.
საინტერესოა, საიდან იცის ქ-ნმა თამარმა, რომ საქართველოს ჰოსპიტალური სექტორი, მისი სტაფი სრულიად მოუმზადებელი და გაუმართავი შეხვდა COVID-19-ის პანდემიას?! რასაც იგი არაერთგზის შესაშური დაჟინებით იმეორებს. მაშინ, როცა შედეგები საპირისპიროს მეტყველებს. სინამდვილეში საქართველოში სწორედ ჰოსპიტალური სექტორი მუშაობდა საათივით გამართულად. პაციენტების კვლევის და ნაკადების მოძრაობის ალგორითმები და პროტოკოლები იყო ოპტიმალური: სასწრაფო -სპეციალურად მომზადებული ოჯახის ექიმი – ე.წ. ცხელების ცენტრი – COVID ცენტრი. არცერთი პაციენტი 1 საათიც კი არ მდგარა რიგში და არ დარჩენილა მაღალკვალიფიციური მომსახურების გარეშე. COVID-ის დიაგნოზი ისმებოდა მაქსიმუმ 12 საათში, ხოლო COVID ცენტრებში პაციენტებს მკურნალობენ უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით. ეს ეხება როგორც სიმპტომურ და დამხმარე მკურნალობას, ისე პათოგენეზურ მკურნალობას და ინოვაციურ მიდგომებს – პლაქვენილი, ლოპინავირ/რიტონავირი, ტოცილიზუმაბი, კონვალესცენტების პლაზმის გადასხმა, პლაზმაფერეზი, ექსტრაკორპორალური „სისხლის გაწმენდა“ სხვადასხვა სორბენტების გამოყენებით და სხვ. სხვათაშორის პლაქვენილზე საქართველოში არცერთი სერიოზული გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა. ამასთან, მსოფლიოს ბევრი წამყვანი ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოში დროულად მოხდა L და H ტიპების გამიჯვნა და არასაჭირო ინტუბაციების თავიდან აცილება, რაც სავარაუდოდ პოზიტიურად აისახა გარდაცვლილთა რაოდენობაზე.
სხვათაშორის, როდესაც ჩვენ საქართველოში COVID-19-თან წარმატებული ბრძოლის შედეგებს ვდებთ, გაღიზიანებული ოპონენტები ხშირად გვეკითხებიან – „ესე იგი, თქვენ გინდათ თქვათ, რომ დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებზე უფრო ძლიერი ჯანდაცვის სისტემა გაქვთ“. არამცდა არამც, სამწუხაროდ ეს ასე არ არის. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მთლიანობაში გაცილებით უფრო სუსტია, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ ცალკეულ სეგმენტებში ჩვენ შეიძლება უფრო წარმატებულები ვიყოთ და ამის შესანიშნავი მაგალითია ის, რომ აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და კომპანია Gilead-მა მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნიდან C ჰეპატიტის ელიმინაციისათვის პირველ სამოდელი ქვეყანად სწორედ საქართველო აირჩიეს და არც შემცდარან, ან თუნდაც ის, რომ საქართველოში აივ/შიდსით სიკვდილობის მაჩვენებელი 2.5 ჯერ ნაკლებია, ვიდრე საშუალოდ მსოფლიოში და 2-ჯერ ნაკლები, ვიდრე აშშ-ში. ასეთი მაგალითების მოყვანა კიდევ შეიძლება.
ქ-ნი თამარი იმასაც ამბობს, რომ საქართველოში COVID-19-ის გავრცელება გვიან დაიწყო, თორემ იანვარში რომ დაწყებულიყო, სავალალო შედეგები გვექნებოდაო. მოკლედ, აღარ იცის რა თქვას. ამის საპასუხოდ ერთ მაგალითს მოვიყვან. საქართველოში COVID-19-ის პირველი შემთხვევა ა.წ. 26 თებერვალს დაფიქსირდა და სადღეისოდ 783 ავადმყოფი და 12 გარდაცვლილი (1.53%) გვყავს. ხოლო ევროპის ერთ-ერთ სამაგალითო ქვეყანაში – ნიდერლანდებში COVID-19-ის პირველი შემთხვევა ა.წ. 27 თებერვალს დაფიქსირდა, მაგრამ მათ სადღეისოდ 46 422 ავადმყოფი და 5 956 გარდაცვლილი (12,83%) ჰყავთ. ასეთი მაგალითები სხვაც ბევრია.
ასე, რომ ჩვენ მიღწეული შედეგებით, რა თქმა უნდა, ზედმეტად არ უნდა გავთამამდეთ და თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ, მაგრამ არც ის იქნება სწორი, რომ მუდმივად არასრულფასოვნების კომპლექსით ვიყოთ შეპყრობილი და მიგვაჩნდეს, რომ უცხოეთის ქვეყნებთან შედარებით ჩვენთან ყველაფერი უფრო ცუდად კეთდება.
ზედმეტად მიმაჩნია იმის გამეორება, რომ ყველა საერთაშორისო ინსტიტუციები და ავტორიტეტული ლიდერები გაეროთი და ჯანმო-თი დაწყებული და აშშ-ს პრეზიდენტით და Washington Post-ით დამთავრებული, საქართველოს COVID-19-თან ბრძოლაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყნად მიიჩნევენ. ქ-ნი თამარი არ ტოვებს ისეთი პიროვნების შთაბეჭდილებას, რომელიც კარგს და ცუდს ერთმანეთისგან ვერ არჩევს. მაშინ რატომ დასჭირდა მას საქართველოს ჰოსპიტალური სექტორის უკიდურესად ნეგატიურად და ტენდენციურად წარმოჩენა? ვფიქრობთ, მიზეზები ყველასთვის გასაგებია. საქმე გვაქვს „ჩასაფრებული ადამიანის“ კლასიკურ შემთხვევასთან. სხვათაშორის, ნიშანდობლივია, რომ ქ-ნი თამარი ძალიან გაახალისა (მისივე სიტყვებით) იმ დაუდასტურებულმა შეტყობინებამ, რომ მარნეულში სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა მგზავრებს პირბადეები ათხოვა და ჩასვლისას უკან დააბრუნებინა. ამის გაკეთება ცხადია, არ შეიძლება, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ქ-ნი თამარი საქართველოში მხოლოდ ნეგატიური ფაქტების წარმოჩენითაა დაკავებული და ძალიან „უტყდება“.
და ბოლოს, ქ-ნო თამარ! გერმანია დიდი ქვეყანაა და COVID-19-ს ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა გამოწვევას იგი უთქვენოდაც გაუმკლავდება. დასაფასებელი ის არის, როცა ამას საქართველოსნაირი ეკონომიკურად შეზღუდული შესაძლებლობების ქვეყანა აკეთებს და თან ძალიან დიდი წარმატებით“, – წერს თენგიზ ცერცვაძე.
კომენტარები