კრიმინალისაქართველო

ცნობილი ხდება ყინწვისელი სასულიერო პირების დაპირისპირების ახალი დეტალები

პოლიციის მიერ დაკავებული კ. კ., სავარაუდოდ, ყინწვისის მონასტრის წინამძღვარია

რადიო თავისუფლების წყარო, რომელიც სასულიერო პირია, ყინწვისის მონასტრის სასულიერო პირებს შორის გასულ კვირაში მომხდარი ინციდენტის ახალ დეტალებზე საუბრობს. მისი ინფორმაციით, არქიმანდრიტ საბა ჟღენტის ავტომანქანა ცეცხლსასროლი იარაღიდანაა დაცხრილული და ყველას უკვირს, მასში მყოფი ადამიანები როგორ გადარჩნენ.

წყარო ამბობს, რომ ყინწვისის მონასტრის წინამძღვარმა დავით აქიაშვილმა, ფაქტობრივად, სასიკვდილოდ გაიმეტა მონასტრის სასულიერო პირები, რომლებიც ავტომანქანაში იმყოფებოდნენ. მისი ინფორმაციით, დაცხრილული ავტომობილიდან სამართალდამცველებმა 7 ტყვია ამოიღეს.

რადიო თავისუფლების წყარო აზუსტებს, რომ ინციდენტი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების, ღვლევის და ხვედურეთის გზაზე მოხდა და არა – ყინწვისის მონასტრის ტერიტორიაზე, როგორც ეს მანამდე გავრცელდა. მისივე ცნობით, დავით აქიაშვილი პოლიციაშიც გადაიყვანეს, მაგრამ მოგვიანებით გაათავისუფლეს.

სასულიერო პირის თქმით, მამა დავითი, რომელიც მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილის) შვილობილია, რუის-ურბნისის ეპარქიაში განუსაზღვრელი უფლებებით სარგებლობს, იარაღით დადის და მისთვის შენიშვნის მიცემასაც კი ვერავინ ბედავს. წყაროს ინფორმაციით, მხოლოდ არქიმანდრიტი საბა იყო, ვინც შენიშვნას და რჩევას აძლევდა, ამიტომ მათ შორის კონფლიქტი ადრეც მომხდარა, მაგრამ ყველა ადრინდელი ფაქტი „ჩაფარცხეს“.

ინფორმაცია, რომ ყინწვისის მონასტრის წინამძღვარმა დავით აქიაშვილმა არქიმანდრიტ საბა ჟღენტს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და ხელში მსუბუქად დაჭრა, 22 აპრილს გავრცელდა.

ინციდენტს უარყოფს მიტროპოლიტი იობი. ჟურნალისტებთან არ კონტაქტობს დავით აქიაშვილი. დაჭრის ფაქტი უარყო საბა მუჯირმაც.

27 აპრილს პოლიციამ შიდა ქართლში დააკავა 1986 წელს ქარელში დაბადებული კ. კ., რომელსაც ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება. მსგავსი დანაშაული 7-იდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო: „გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა გორის რაიონის სოფელ რიეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“.

რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, დაკავებული კ. კ. კობა კობაიძეა. ერისკაცობაში სწორედ ეს სახელი ჰქონდა ყინწვისის მონასტრის წინამძღვარს, დავით აქიაშვილს, რომელმაც გასულ კვირაში დაცხრილა არქიმანდრიტ საბა ჟღენტის ავტომანქანა.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close