ბათუმში ქართველმა და ამერიკელმა სამართალდამცველებმა 2 მილიონი დოლარის ღირებულების 40 კილოგრამი ჰეროინი ამოიღეს
ბათუმში ჩატარებული სპეცოპერაციისას ნარკოდანაშაულისთვის ბულგარეთის ორი მოქალაქე დააკავეს. სპეცოპერაცია 7 საათი მიმდინარეობდა. ამოღებულია 40 კილოგრამი ჰეროინი, რომლის ღირებულება შავ ბაზარზე 2 მილიონ დოლარს აჭარბებს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბათუმში სპეცოპერაცია საქართველოს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციამ ერთობლივად ჩაატარეს.
ბულგარეთის ორმა მოქალაქემ, რომლებიც ამჯამად დაკავებულები არიან, ნარკოტიკები საქართველოში მსუბუქი ავტომობილით სომხეთიდან შემოიტანეს და მის ევროპაში რეალიზებას აპირებდნენ.
„ორთვიანი საერთაშორისო სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა. ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის თანამშრომლთან ერთად, საქართველოს მასშტაბით ჩატარებული სპეციალური ღონისძიების შედეგად, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინი. მისი ღირებულება შავ ბაზარზე ორ მილიონ დოლარს აჭარბებს. გამოძიებით დგინდება, რომ ბულგარეთის ორმა მოქალაქემ მიმდინარე წლის მარტში საქართველოში მსუბუქი ავტომობილით, სპეციალური სამალავით, უკანონოდ გადმოზიდა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. აღნიშნული ნარკოტიკები განათავსეს ბათუმში, დროებით საცხოვრებელ ბინაში და აორგანიზებდნენ მის ცენტრალურ ევროპაში გადაზიდვას“, – განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, მამუკა ჭელიძემ.
კომენტარები