საზოგადოებასაბერძნეთი

კორონავირუსი საბერძნეთში: მამაკაცი 40 დღის შემდეგ ისევ ინფიცირებულია, უსიმპტომოდ

4 განმეორებითი ტესტის პასუხი ვირუსზე დადებითია

ბერძენ მამაკაცს, რომელსაც ახალი ტიპის კორონავირუსი 40 დღის წინ დაუდგინდა, ვირუსზე ტესტის პასუხი ისევ დადებითი აქვს. მას უკვე 4 ტესტი გაუკეთეს, თუმცა ორგანიზმში ვირუსის  არსებობა ისევ უდასტურდება, მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირების სიმპტომები აღარ აქვს.

50 წლის მამაკაცი პელოპონესიდან იმ ტურისტულ ჯგუფში იყო, რომელიც თებერვალში წმინდა მიწაზე იმყოფებოდა; როგორც ცნობილია, იერუსალიმიდან დაბრუნების შემდეგ (თებერვლის ბოლოს) კორონავირუსით ინფიცირება მომლოცველთა ჯგუფის 20-ზე მეტ წევრს დაუდგინდა.

კოვიდ-19-ის დადასტურების შემდეგ 50 წლის მამაკაცი Ρίου-ს საუნივერსიტეტო საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც 10 დღის განმავლობაში მკურნალობდა.  ამჟამად იგი სახლშია თვითიზოლაციაში, ვირუსის სიმპტომები აღარ აქვს, თუმცა ტესტი, რომელსაც მას კვირაში ერთხელ უკეთებენ, კვლავ აჩვენებს კორონავირუსის არსებობას ორგანიზმში.

ამრიგად, მამაკაცი ვალდებულია დარჩეს კარანტინში, საკუთარ სახლში, სანამ მისი ტესტის პასუხი უარყოფითი არ იქნება.

ამ საკითხზე საუბრისას TV Mega-ს ეთერში პათოლოგ-ინფექციონისტმა ხარალამბოს გოგოსმა აღნიშნა, რომ 40 დღის გასვლის შემდეგ ვირუსის კონცენტრაცია ორგანიზმში შედარებით ნაკლებია, თეორიულად ავადმყოფობის გადადების შესაძლებლობა არსებობს, მართალია, ძალიან მცირე, მაგრამ პაციენტმა საკარანტინო წესები აუცილებლად უნდა დაიცვას, უსაფრთხოების მოსაზრებიდან გამომდინარე. მისი თქმით, ინფიცირების გამოვლენის შემდეგ 40 დღე – ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ვადაა იმისთვის, რომ ტესტის პასუხი უარყოფითი იყოს.

არსებული კვლევების თანხმად, ზოგიერთ შემთხვევაში ვირუსი შესაძლებელია ორგანიზმში 5 კვირას და მეტ ხანსაც დარჩეს.

საბერძნეთში ამ დროისთვის გამოვლენილია ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 2207 შემთხვევა, გარდაიცვალა 105, გამოჯანმრთელდა 269 ადამიანი. გასულ ერთ დღე-ღამეში ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი.

ნინო ბაჯელიძე

წყარო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close