კორონავირუსი საბერძნეთში: გარდაცვლილთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა
ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერის, სოტირის ციოდრასის ინფორმაციით, რომელიც მან ტრადიციულ პრესკონფერენციაზე გააცნო ჟურნალისტებს, საბერძნეთში ამ დროისთვის ოფიციალურად დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 1415 შემთხვევა, 81 შემთხვევა გასულ ერთ დღე-ღამეში დაფიქსირდა, პლუს კიდევ 20 შემთხვევა გემზე Ελευθέριος Βενιζέλος, რომელიც პირეოსის პორტის მახლობლად დგას კარანტინზე.
ინფიცირებულთაგან 50 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა შორის 38 მამაკაცია, 12 – ქალი, მათი საშუალო ასაკი 72 წელია, 94%-ს ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა.
გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც და 52-ს მიაღწია.
ამ დროსითვის მოქმედი პაციენტებიდან 90 შედარებით მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მათი საშუალო ასაკი 76 წელია. 6 პაციენტი კი, რომელთა მდგომარეობა გაუმჯობესდა, ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან გადაიყვანეს.
მთლიანობაში გასულ დღე-ღამეში საბერძნეთში 17350 ტესტი ჩატარდა SarsCov2-ით ინფიცირების შემთხვევების გამოსავლენად.
ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საბერძნეთში 26 თებერვალს გამოვლინდა თესალონიკში. 38 წლის ქალს ჩრდილოეთ იტალიაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა.
COVID-19-ით გარდაცვალების პირველი ფაქტი საბერძნეთში 23 მარტს დაფიქსირდა.
კორონავირუსის ეპიდემიის გამო ქვეყანაში 23 მარტიდან შეზღუდვები ამოქმედდა.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები