იტალიასაზოგადოება

იტალია: ახალი ინფიცირებულების დღიური რაოდენობა ორჯერ და მეტად შემცირდა

იტალიამ 5 ვაქცინის პრეკლინიკური გამოცდა დაიწყო

გასულ 24 საათში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 1648 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა დღის მაჩვენებელზე 2-ჯერ და კიდევ უფრო ნაკლებია (კვირას ინფიცირების შემთხვევების დღიური მატება 3815 იყო). რეკორდულად მაღალია გამოჯანმრთელებულთა დღიური რაოდენობაც – გასული 24 საათის განმალობაში COVID-19 1590-მა პაციენტმა დაამარცხა, მთლიანობაში კი გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 14 620-ს უდრის. ახალი მონაცემები დღეს საღამოს (ორშაბათი, 30 მარტი 2020 წელი) სამოქალაქო დაცვის სამსახურის პრესკონფერენციაზე კომისარმა ანჯელო ბორელიმ წარადგინა.

სამწუხაროდ, ისევ მაღალია გარდაცვალების მაჩვენებლი – გასულ ერთ დღე-ღამეში 812 ახალი ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა და ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობამ 11 591-ს მიაღწია.

ამ დროისთვის იტალიაში ეპიდემიის დაწყებიდან ოფიციალურად დადასტურებულია ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 101 739 შემთხვევა (გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა ჩათვლით), ხოლო დღეისათვის პაციენტების რაოდენობა 75 528-ს აღწევს.

იტალიაში დაიწყო კორონავირუსის 5 ვაქცინის წინაკლინიკური გამოცდა. ყველა მათგანს ბიოტექნოლოგიური კომპანია Takis-ი ატარებს. შედეგებს მაისის შუა რიცხვებისთვის ელოდებიან, ხოლო ვაქცინების გამოცდა ადამიანებზე შესაძლებელია შემოდგომაზე დაიწყოს. ამის თაობაზე  ANSA-ს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა Luigi Aurisicchio-მ განუცხადა. ვაქცინები ეყდნობა S-ცილის (Spike protein) სხვადასხვა რეგიონს – ეს ცილა არის ძირითადი იარაღი, რომლის მეშვეობითაც ვირუსი ადამიანის სასუნთქი ორგანოების უჯრედებს აზიანებს.

იტალიელი სპეციალისტების აზრით, კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებული სტატისტიკის გაუმჯობესება უკვე შეიმჩნევა და უახლოეს დღეებში უფრო გამოხატული იქნება, რაც ნიშნავს, რომ პიკი მალე გადაივლის (ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, პიერპაოლო სილერის თქმით, პიკი 7-10 დღეში იქნება მიღწეული) – გრაფიკული მრუდი, რომელიც ზემოთ მიიწევდა, ახლა უკვე პლატოს მსგავს გრაფიკას უჩვენებს და უახლოეს დღეებში ქვემოთ წამოსვლას დაიწყებს – რამდენად სწრაფი ტემპებით, ამას მიღებული ზომების ეფექტიანობა განსაზღვრავს.

ხელისუფლების წარმომადგენლები (მათ შორის, რეგიონების მთავრობების, განსაკუთრებით – ყველაზე მეტად დაზარალებული რეგიონის, ლომბარდიის პრეზიდენტი ატილიო ფონტანა) მოუწოდებენ მოსახლეობას, მკაცრად დაიცვან  შეზღუდვების ზომები, რათა ოპტიმისტური პროგნოზები მალე რეალობად იქცეს.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close