საქართველოში ახალი კორონავირუსისგან რვა ადამიანი გამოჯანმრთელდა
მათ რიცხვს მალე კიდევ სამი ადამიანი შეემატება
საქართველოში ახალი კორონავირუსისგან რვა ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ რვა პაციენტთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაწერის მიუხედავად ისინი თვითიზოლაციაში, ექიმების დაკვირვების ქვეშ იქნებიან.
„ნამდვილად, დღეს ჩვენი ექიმების შრომამ გამოიღო შედეგი და ეს ძალიან სასიხარულო ამბავია როგორც ჩვენთვის, ისე მოქალაქეებისთვის. რვა პაციენტი არის უკვე გამოჯანმრთელებული … მიუხედავად ამისა, ისინი, რა თქმა უნდა, როგორც მითითებული არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებში, კიდევ იქნებიან ექიმების დაკვირვების ქვეშ უკვე თვითიზოლაციაში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრის თქმით, დღის ბოლოსთვის დამატებით სამ ინფიცირებულ პაციენტზე ელოდებიან პასუხებს და, სავარაუდოდ, მალე ისინიც შეემატებიან გამოჯანმრთელებულთა რიცხვს.
მისივე ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით სტაციონარში დაკვირვების ქვეშ 250 პაციენტი იმყოფება, რომელთა მდგომარეობაც სტაბილურია, კარანტინის რეჟიმშია 3320 ადამიანი.
ამ დროისთვის (14:30, 23 მარტი, 2020) საქართველოში კორონავირუსის სულ 54 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის უკვე გამოჯანმრთელებულია 8 (+3) პაციენტი.
წყარო: 1tv.ge
კომენტარები