საქართველოეკონომიკა

ხვალიდან საქართველოში პირბადეების დამზადება იწყება

ხვალიდან საქართველოში პირბადეების დამზადება იწყება – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ.

თურნავამ პრემიერ-მინისტრისგან მიღებულ დავალებებზე ისაუბრა.

„დასრულდა მორიგი სხდომა და მინდა, მოგახსენოთ დავალებების და გეგმების შესახებ, რაც მივიღეთ პრემიერ-მინისტრისგან, განსაკუთრებით ეკონომიკურმა გუნდმა. პირველ რიგში, როგორც უკვე ცნობილია. ჩვენ პრემიერ-მინისტრის დავალებით და კერძო ბიზნესის ჩართულობით შევიმუშავეთ პროგრამა საქართველოში ადგილობრივი პირბადეების დამზადებისა და კერვის. ხვალიდან უკვე ვიწყებთ პრაქტიკულად პირბადეების დამზადებას საქართველოში. პირველი საწარმო, რომელიც ამ პროგრამაში ჩაერთო, არის „აჭარა ტექსტილი“. მე პირადად ჩავალ ხვალ ფოთში და ვესტუმრები ამ საწარმოს, რათა პირბადეების პირველი პარტია ჩემი თვალით ვნახო“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, 10-მდე სამკერვალო საწარმოა ჩართული პროგრამაში, ასევე რამდენიმე კომპანია, ვისაც შემოაქვს აუცილებელი ნედლეული.

„ადგილზე გვაქვს საკმარისი მარაგი, რომ პირველი პარტიები უკვე ვაწარმოოთ. პირბადეების პირველი რაოდენობა იქნება შეძენილი სახელმწიფოს მიერ და შექმნის იმ აუცილებელ მარაგს, რომელსაც შემდეგ ჩვენ კერძო სექტორთან ერთად გადავანაწილებთ იმ კონტინგენტზე და ადამიანებზე, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდება და ყველაზე მეტი შეხება აქვს სხვებთან, მაღალი რისკის კატეგორიასთან“, – განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავამ განმარტა, რომ საუბარია მრავალჯერადი გამოყენების პირბადეებზე, რომლებსაც აქვს გამოყენების ინსტრუქცია, რომელიც შეთანხმებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და ასევე ეყრდნობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა კომპანიას, ვინც ამ პოგრამაში ერთვება, რადგან ბევრი კომპანია უანგაროდ მონაწილეობს კერვაში, იგივე „აჭარა ტექსტილიც“, მათ გამოთქვეს სურვილი, რომ გარკვეული რაოდენობა შეკერონ უსასყიდლოდ. ასევე კომპანიები, ვინც გვაწვდის აუცილებელ ნედლეულს, აქაც გარკვეული მოცულობა იქნება უსასყიდლოდ მოწოდებული და ეს არის სწორედ იმ დიდი კონსოლიდაციის, ერთსულოვნებისა და პატრიოტიზმის გამოხატულება, რაც ამ რთულ პერიოდში ყველა ჩვენგანს და ჩვენს საზოგადოებას ახასიათებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მარიამ ბერძენიშვილი

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close