მედიცინა

ჩინელმა ექიმებმა დაადგინეს, რამდენ ხანს ცოცხლობს ადამიანის ორგანიზმში კორონავირუსი

კორონავირუსი ორგანიზმში შეიძლება ადამიანის დაინფიცირებიდან ხუთი კვირის განმავლობაში დარჩეს, – ამბობენ ჩინელი ექიმები. მათ კვლევაზე  დაყრდნობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შესაძლებელია პაციენტის იზოლაციისა და მკურნალობის ხანგრძლივობის მიდგომებს გადახედოს.

ახალი კორონავირუსი ორგანიზმში შეიძლება 37 დღემდე დარჩეს, ან ხუთ კვირაზე ცოტა მეტხანს. ამ დასკვნამდე მივიდნენ ჩინეთის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ექიმები და ცნობილ ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალში – The Lancet-ში გამოქვეყნებული სტატიის სხვა ავტორები.

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ პათოგენი სასუნთქ გზებში უფრო მეტი ხნით მკვიდრდება, ვიდრე აქამდე ეგონათ. მისი კვალი იპოვეს ასევე იმ პაციენტებში, რომელთა დაინფიცირებიდან დაახლოებით 20 დღე გავიდა.

კვლევის ავტორებმა შეისწავლეს COVID-19-ით დაავადებული 191 ადამიანის სამედიცინო ჩანაწერები და ლაბორატორიული ტესტები, მათ შორის, ამ ინფექციისგან გარდაცვლილი 54 ადამიანის ანალიზებიც. ყველა აღნიშნულ პაციენტს, რომელთა მონაცემები სპეციალისტებმა გამოიყენეს, ჩინეთის ქალაქ უჰანის ორ საავადმყოფოში მკურნალობდნენ (შედარებისთვის, ატიპური პნევმონიის – H1 N1 შემთხვევაში ინფიცირებიდან 4 კვირის განმავლობაში ვირუსის არსებობა სასუნთქ გზებში პაციენტთა მესამედში შეინიშნებოდა).

მიღებული მონაცემები შეიძლება ძალზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს პაციენტების იზოლაციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად და მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ რეკომენდაციების შესამუშავებლად, – აღნიშნავენ სტატიის ავტორები.

ამჟამად ინფიცირების შემდეგ იზოლაციის რეკომენდებული ვადა 14 დღეა. ითვლება, რომ ეს პერიოდი საკმარისია ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მაგრამ თუ გამოჯანმრთელებული პაციენტები სიმპტომების გაქრობის შემდეგაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისევ დაავადების გადამდებნი რჩებიან, მათ უნებლიეთ შეუძლიათ კორონავირუსით სხვა ადამიანები ისევ დააინფიცირონ, – აღნიშნავს საიტი Bloomberg-ი.

რუსულიდან თარგმნა თამარ ქავჟარაძემ

წყარო: forbes.ru

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close