საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა უცხოელ მოქალაქეებთან კონტაქტს უკავშირდება
თენგიზ ცერცვაძე: „ვინარჩუნებთ იმედისმომცემ სიტუაციას, რადგან არ დაფიქსირებულა მეოთხეული შიდა გადაცემა“
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის სულ 33 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან სამი დღეს გამოვლინდა.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, დღეს დადასტურებულ სამივე შემთხვევაში ინფიცირებულებს კონტაქტი ჰქონდათ უცხოელებთან მაღალი რისკის ქვეყნებიდან.
„ეს პაციენტები არიან საშუალო ასაკის პირები. ერთი მამაკაცი და ორი ქალბატონი. სამივე იყო კონტაქტში უცხოელებთან მაღალი რისკის ქვეყნებიდან. ვინარჩუნებთ იმედისმომცემ სიტუაციას, რომ საქართველოში მეოთხეული გადაცემა არ ყოფილა, როცა პაციენტმა არ იცის, თუ ვისგან დაინფიცირდა. სამივე ადამიანმა იცის, თუ ვისთან იყვნენ კონტაქტში. სამივე კარანტინში ან თვითიზოლაციაში იყო. არაფერი კავშირი ადამიანებს არ აქვთ იმ ჯგუფებთან, რომლებთანაც აქამდე იყო საუბარი. სამივე არის ერთმანეთისგან დამოუკიდებელი შემთხვევა და მათგან დამოუკიდებელი, ვისზეც აქამდე იცოდით. ამ სამიდან პაციენტიდან ერთის მდგომარეობა არის სერიოზული, ორის კი – დამაკმაყოფილებელი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მისივე თქმით, ექვსი პირის ტესტის პასუხს ელოდებოდნენ, საიდანაც სამი დადებითი აღმოჩნდა, სამი კი – უარყოფითი.
„ასევე აღებულია ცხრა ადამიანის მასალა, რომლის პასუხებიც იქნება გვიან ღამით. ახლად გამოვლენილი შემთხვევიდა, ერთი პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება, ორი კი სხვა მიმღებებშია განთავსებული“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 427 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 73 ადამიანი იმყოფება.
ნინო ხოშტარია
კომენტარები