fbpx
იტალიასაზოგადოება

იტალია: გამართლდა პროგნოზი ეპიდემიის პიკის თაობაზე – 368 გარდაცვლილი ერთ დღე-ღამეში, 2853 ახალი ინფიცირებული

სამწუხაროდ, გამართლდა იტალიის ჯანმრთელობის უმაღლესი ინსტიტუტის (ISS) ხელმძღვანელის, სილვიო ბრუზაფეროს პროგნოზი, რომ ინფექციის პიკი ამ შაბათ-კვირას იყო მოსალოდნელი: გასული 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსისგან გარდაცვალების წარმოუდგენლად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა – 368 ლეტალური შემთხვევა. მთლიანობაში გარდაცვლილთა რიცხვი ამ დროისთვის 1809-ს შეადგენს.

ახალი სტატისტიკა დღეს საღამოს კომისარმა ბორელიმ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე წარადგინდა.

ამასთან, გამოჯანმრთელდა 2335 ადამიანი – 369-ით მეტი, ვიდრე გუშინ. ამ დროისთვის პაციენტთა რაოდენობა  20 603-ს შეადგენს – 2853 ადამიანი გასული 24 საათის განმავლობაში დაინფიცირდა. მთლიანობაში, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით, იტალიაში COVID-19-ის შემთხვევებმა 24 747-ს მიაღწია.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ლომბარდიაში, სადაც გასულ ერთ დღე-ღამეში 252 ადამიანი გარდაიცვალა – ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ეპიდემიის დაწყების დღიდან, ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა 13 272-ს შეადგენს.

პრემიერ-მინისტრ კონტეს თქმით, მთავრობის განსაკუთრებული ყურადღება ლომბარდიისკენ არის მიმართული.

„ჩვენი პრიორიტეტია ექიმების და მთელი სამედიცინო პერსონალის უსაფრთხო მუშაობის უზრუნველყოფა, რომლებიც სიმამაცით და თავგანწირვის სულისკვეთებით იბრძვიან მოქალაქეთა დასახმარებლად…“ – განაცხადა კონტემ. მისივე თქმით, იტალიამ უკვე გააფორმა კონტრაქტები და უახლოეს პერიოდში შემოვა ქვეყანაში მილიონობით დამცავი სამედიცინო საშუალება, აგრეთვე, დანადგარები, მათ შორის, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის 3800 აპარატი.

დღეს ცნობილი გახდა, რომ იტალია ჩინეთისგან დამატებით 140 სამედიცინო ვენტილაციის სისტემას და ხუთ მილიონ ნიღაბს მიიღებს. ამის შესახებ  იტალიის პრემიერ-მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ განაცხადა.

იტალიის პრემიერ-მინისტრის თქმით, ჩინეთისგან უკვე მიიღეს 30 ტონა სამედიცინო აღჭურვილობა, რომელიც ჩინელ მედიკოსთა ჯგუფთან ერთად იტალიაში 12 მარტს ჩავიდა.

შეგახსენებთ, რომ იტალიის მთავრობამ SARSCoV-2-ის (ახალი ტიპის კორონავირუსის ოფიციალური სახელწოდება – რედ.) გავრცელების წინააღმდეგ უპრეცედენტო შეზღუდვების ზომები მიიღო და, პრაქტიკულად, მთელი ქვეყანა „წითელ ზონად“ გამოაცხადა. კონტეს დეკრეტი „მე ვრჩები სახლში“, როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, ამოქმედებიდან ერთ-ორ კვირაში (სავარაუდოდ, 18-20 მარტიდან) უკვე გამოიღებს შედეგებს, მანამდე კი ვირუსის გავრცელების მაჩვენებლების მკვეთრ შემცირებას არ ელოდებიან.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close